კახა კალაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად ჩართვის მსურველებს მიმართავს

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვისაც კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებულ ბრძოლაში მოხალისეობის სურვილი აქვს, დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, ან წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, მოხალისეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს და გაიაროს სპეციალური ტრენინგი, რათა იცოდეს უსაფრთხოების წესები.

„კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო - ესაა მოხალისეების ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მოხალისე, დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე: 2722222, ან წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე 0800 000 018, დარეგისტრირდეს და გაიაროს აუცილებელი ტრენინგი, რათა იცოდნენ უსაფრთხოების წესები. აქ იმყოფება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე. სწორედ წითელი ჯვრის დახმარებით და მათი დიდი გამოცდილების გაზიარებით, მიმდინარეობს მოხალისეთა გადამზადება”, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა საქართველოს წითელ ჯვარს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელ ჯვარს თანამშრომლობისთვის და რასაკვირველია მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელიც მზადაა უანგაროდ ემსახუროს გასაჭირში მყოფ თანამოქალაქეებს, იქნება ეს ქველმოქმედება, ფიზიკური დახმარება თუ სხვა სახის შემოთავაზება. ასე ერთობით, ორგანიზებულად, საჭირო ცოდნით შეიარაღებულები, ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა