ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი ზომები სოციალური დისტანცირების კუთხით დღესაც ძალაშია და კიდევ უფრო გამკაცრდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი ზომები, სოციალური დისტანცირების კუთხით დღესაც ძალაშია და კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან სოციალური დისტანცირება დღეს მთავარი ბერკეტია იმისათვის, რომ თვიდან ავიცილოთ პრობლემა.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, სიტუაცია ჯერჯერობით სრულად კონტროლირებადია. მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე საბჭო სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.

„შემთხვევების მატება არის ნელი. უკვე 47 შემთხვევაა. 250-ზე მეტი ადამიანი სამედიცინო მეთვალყურეობას იტარებს იმ კლინიკებში, რომელიც შერჩეულია ამ მიზნებისთვის და 2 000-ზე მეტია კარანტინში, რადგან გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მოგზაური, რომელიც საქართველოში შემოვა, კარანტინს ექვემდებარება. ამ თვალსაზრისით მდგომარეობა ძალიან კარგად არის მართული, პაციენტებისა და მოგზაურების ნაკადები გადანაწილდება იმ ადგილებში, რაც ამ მიზნებისთვისაა მობილიზებული“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას, გაბუნიამ უპასუხა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ღონისძიებები უკვე დიდი ხანია სრულდება, ამიტომ აქ ტენდენციას აქვს მნიშვნელობა, როგორ განვითარდება მოვლენები.

„სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს. ამდენად, გადაწყვეტილებაც გადახედვას ექვემდებარება. ვიმსჯელებთ და რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, როგორ განვითარდება სიტუაცია. თუმცა, მკაცრი ზომები, სოციალური დისტანცირების კუთხით დღესაც ძალაშია და კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან სოციალური დისტანცირება დღეს ჩვენთვის მთავარი ბერკეტია იმისათვის, რომ თვიდან ავიცილოთ პრობლემა. დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ბევრი ობიექტი, მაღაზიები. დღეისთვის ფუნქციონირებას განაგრძობენ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომელიც ჯანდაცვას, მოსახლეობის უსაფრთხოებას და სურსათით მომარაგებას ემსახურება», - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა