ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა საკუთარი თანამშრომლების ნაცვლად იმუშავებს

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა საკუთარი თანამშრომლების ნაცვლად იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახური ავრცელებს.

„მეგობრებო, ასე გადავწყვიტეთ: ორშაბათიდან მე და ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის რამდენიმე ხელმძღვანელი, დროებით შევიცვლით ფუნქციას - ჩვენი ძვირფასი თანამშრომლების სამუშაო ოთახებში გადავინაცვლებთ და მათ კონკრეტულ სამუშაოს შევასრულებთ. ამ რამდენიმე ადამიანს ისედაც გვიწევს გადაუდებელი ამოცანების გამო შეკრება და განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოვადგენთ ერთმანეთისთვის. რაც შეეხება საქმეს: ეროვნული ბიბლიოთეკა არის არაერთი უნივერსიტეტის დონორი სასწავლო მასალების მიმართულებით და ახლა ყოველდღიურად ათობით სტუდენტი და ლექტორი გვიკავშირდება ონლაინ-სწავლების შეფერხების გამო. ჩვენ გვაქვს დიდი, თანამედროვე ლაბორატორია, სადაც უკვე ათიათოსობით მასალა გავაციფრულეთ, თუმცა არის წიგნები, რომელთა ელექტრონული ვერსია ჯერ არ არსებობს. მე და ჩემი მეგობრები, გავინაწილებთ ფუნქციებს - საცავს, სკანერსა და კომპიუტერებზე და უნივერსიტეტებს პერიოდულად მივაწვდით საჭირო რესურსს. მე საცავის საქმე მაინტერესებს. ახლა ასე სჯობს. ჩვენ ვერც ერთი თანამშრომლის ჯანმრთელობას ვერ შევუქმნით საფრთხეს. ისინი ამ პერიოდში ჩვეულებრივ მიიღებენ ხელფასებს და დაველოდებით იმ დღეს, როცა კვლავაც ერთად გავაგრძელებთ ბიბლიოთეკის მართვას“ - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მუშაობა დროებით შეჩერებულია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა