ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსს ვებრძვით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც ქვეყნისა და ქალაქის მასშტაბით ხორციელდება. თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაწყებულია, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს, ვამონტაჟებთ მიწისქვეშა ურნებს. ეს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება ნარჩენების სეპარირება. ასევე, მოწესრიგდება ვიზალური ნაწილი და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული პრობლემები. აქამდე თუ „თბილსერვის ჯგუფს“ ყოველდღე უწევდა მუშაობა და ნაგვის გატანა, ამ შემთხვევაში, მოუწევს სამ დღეში ერთხელ. როდესაც ურნების გადავსება მოხდება, ავტომატურად სიგნალი მოგვივა, მოვა შესაბამისი მანქანა და მოახდენს ნარჩენების გატანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი ასევე, აღჭურვილია ხუფით ფეხით მოსიარულეთათვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში, გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. კონტეინერების მოცულობა, რაოდენობა და განთავსების ადგილები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და კომპანია „სისტრას“ მონაწილეობით, კონკრეტულ ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის, გამწვანების, ნარჩენების წარმოქმნის, შეგროვებისა და გატანის სიხშირის გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პრაქტიკიდან გამომდინარე განისაზღვრა. კონტეინერების დასამონტაჟებლად განსაზღვრული ადგილმდებარეობების შერჩევის პროცესში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება მოხდა. კერძოდ, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავებისა და სხვა გამწვანებული ადგილების მდებარეობა. ასევე, კონტეინერების დამცლელი სპეციალური ტექნიკის მოძრაობისთვის საჭირო პერიმეტრი, არსებული და სამომავლოდ მოსაწყობი ინფრასტრუქტურული ობიექტების (კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტის სავალი ნაწილების, საფეხმავლო და ველობილიკების განლაგება, გაჩერებების ადგილმდებარეობები, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების არსებობა და სხვა) ადგილმდებარეობა.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი თი გრუპი“ ახორციელებს. მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე, ეტაპობრივად დამონტაჟდება.

გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება. მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟის პროცესს თბილისის მერთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი გაეცნენ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!