უმაღლეს სასწავლებლებს საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, სწავლების მეთოდის ასარჩევად 5-დღიანი ვადა ეძლევათ

საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, სწავლების მეთოდის ასარჩევად 5-დღიანი ვადა ეძლევათ.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილების თანახმად, სასწავლებლებმა, 6 აპრილამდე სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების, მათ შორის, კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების თაობაზე ინფორმაცია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ წერილობითი ფორმით უნდა მიაწოდოს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი კონკრეტული წესებით უნდა განხორციელდეს.

„კერძოდ, სასწავლო პროცესი წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდებულია, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.

თითოეულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უზრუნველყოს ელექტრონული სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევა და გამართულად გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს ელექტრონული სწავლების შერჩეული აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქცია/ვიდეოგზამკვლევი და უზრუნველყოს სტუდენტებისა და პერსონალისთვის გაცნობა“, - ნათქვამია დადგენილებაში.

ამავე დადგენილების თანახმად, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ლექტორის მიერ შერჩეული ფორმით, სრულად უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი სტუდენტებისთვის.

„სწავლის წარმართვის პროცესში სტუდენტებთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების გათვალისწინებითა და მათი პირადი სივრცის პატივისცემის პრინციპის დაცვით. დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების, მათ შორის, კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების თაობაზე.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების საქმიანობა (მათ შორის, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა)“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი გადაყვანილ იქნეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან.

„ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმით სწავლის წარმართვის პერიოდში სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება ძალაში პრემიერ-მინისტრის ხელმოწერისთანავე შევიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა