ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად

კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნულ და გლობალურ ასპექტებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, პროფესორს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა, ნათელი გახდა, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ვირუსთან გასამკლავებლად სათანადოდ მზად არ აღმოჩდნენ.

როგორ შეაფასებდით გლობალურ დონეზე კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს?

- კორონავირუსი, როგორც გლობალური გამოწვევა, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე მოითხოვს სახელმწიფოთა მეტ ერთობლივ ძალისხმევას. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტების განცხადებები.

ემანუელ მაკრონმა და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ევროპას მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდეს. ასევე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მთავრობებმა კრიზისის დაძლევისთვის მარტო არ უნდა იმოქმედონ. მათი მომავალი ერთმანეთისაგან იზოლაციაში არ არსებობს, მათი მომავალი ერთიან ცოდნაშია.

შეუძლებელია, არ დაეთანხმო შტაინმაირეს, როგორც სოლიდარობის, ისე ცოდნის ნაწილში. „კორონაომმა“ აჩვენა, რომ მსოფლიოს ლიდერებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები აუცილებელია მიიღონ მეცნიერული ცოდნის საფუძველზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს მეტი ინვესტიციის განხორციელებას სამეცნიერო კვლევებში, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია გამოწვევებთან ადეკვატური გამკლავება და საერთო ჯამში, განვითარება.

ცნობისთვის, სოლიდარობის თვალსაზრისით გერმანიის საავადმყოფოებმა იტალიელი პაციენტები მიიღეს. საფრანგეთმა და გერმანიამ იტალიას 2 მილიონი ნიღაბი და ათობით ათასი ხალათი გაუგზავნა. თუმცა, რასაკვირველია, კორონავირუსის დასამარცხებლად ეს საკმარისი არ არის და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება, განხორციელებაა მნიშვნელოვანი.

ამასთანავე, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში არაერთი სახელმწიფოს ეკონომიკას მიადგა ზიანი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ახალი ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. გლობალურ დონეზე დიდი ოცეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გლობალური ეკონომიკის გადასარჩენად 5 ტრილიონ დოლარს გაიღებენ.

ამდენად, აუცილებელია სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობით ვირუსით გამოწვეული სირთულეების დაძლევა. ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს პანდემიის დამარცხება, კორონავირუსს საზღვრები და ეროვნება არ აქვს. დღეს ის ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.

აუცილებელია სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობით ვირუსით გამოწვეული სირთულეების დაძლევა. ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს პანდემიის დამარცხება, კორონავირუსს საზღვრები და ეროვნება არ აქვს. დღეს ის ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს

უხილავი მტრის დასამარცხებლად საჭიროა მსოფლიო ლიდერებმა ერთიანი სტრატეგია შეიმუშავონ იმისათვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ყველაზე ღირებული ფასეულობა - ადამიანის სიცოცხლე, და ამასთანავე, მოხდეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების იმგვარი მართვა, რომ მათ არ იქონიონ უარყოფითი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, უპირველესად კი, დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე.

- უკვე ცნობილია, რომ გლობალური ეკონომიკის გადასარჩენად 5 ტრილიონი დოლარი გამოიყოფა. ჩვენი ეკონომიკაც რთულ ვითარებაშია. მით უფრო, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა მთელი რიგი შეზღუდვები დაეწესებინა, მათ შორის ეტაპობრივად შეიზღუდა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, გაიცა სავაჭრო ობიექტების დახურვის რეკომენდაციები, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების, სურსათის, სააფთიაქო და საბანკო მომსახურებისა.

30 მარტს კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

პანდემიის მიერ ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალზე ბევრი კი საუბრობს, მაგრამ ამ თემაზე ხელისუფლებას კონკრეტული მონაცემების გაჟღერებისთვის ჯერ არ მოუცლია. ეს გასაგებიცაა, ფაქტია, რომ ამ დღეებში ხელისუფლებას უამრავი საქმე აქვს, მაგრამ იმედია, მოუცლელობის მიუხედავად ამგვარ ინფორმაციას წარმოადგენს.

ვიდრე ეს მოხდება, თქვენი შეფასებით პანდემიის გამო პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო რა ზიანი ადგება საქართველოს ეკონომიკას?

- საქართველოს მთავრობას სხვა არჩევანი არ ჰქონდა. შესაბამისი შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო და არის არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ ვირუსის საბოლოოდ დამარცხებისთვის. ნებისმიერი სისტემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება ინდივიდების უსაფრთხოების დასაცავად.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკას. ჩვენი ეკონომიკაც რთულ ვითარებაშია. კორონავირუსთან გასამკლავებლად აუცილებელი გახდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც აფერხებენ ეკონომიკის განვითარებას. მეტიც, შრი-ლანკელმა პროფესორმა აჯით დე ალვისმა ახალ ტერმინს „კორონომიკას“ ჩაუყარა საფუძველი, რომელიც მიანიშნებს, რომ ეკონომიკა სრულადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოხდება კორონავირუსის დამარცხება. ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა კი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ეკონომიკა მედიცინის „მძევალია“.

კორონომიკური კრიზისის პირობებში საერთაშორისო მოგზაურობის აკრძალვა და მთელი რიგი მკაცრი შეზღუდვები ზიანს აყენებენ ტურისტულ სექტორს, მცირდება როგორც უცხოური, ისე შიდა ინვესტიციები, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ყოველდღიურად ეცემა, წარმოებები ფერხდება.

სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებს შემოსავალი შეუმცირდათ, რაც ამცირებს ფულად გზავნილებს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ ვითარებაში არაერთი მოწყვლადი ჯგუფი გვყავს, კერძოდ შიდა მოთხოვნის შემცირება მძიმედ აისახება მომსახურების სფეროში მომუშავე პირებზე, თვითდასაქმებულებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებზე.

საყურადღებოა, რომ მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ. ხსნებული ვითარება ნეგატიურად აისახა ლარის გაცვლით კურსზე. ინტერვენციების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის გადახედვა მოუწიოს.

საყურადღებოა, რომ მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ. ხსნებული ვითარება ნეგატიურად აისახა ლარის გაცვლით კურსზე. ინტერვენციების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის გადახედვა მოუწიოს

ყოველივე ეს მშპ-ის ზრდას აჩერებს. კორონომიკური კრიზისის პირობებში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივების, ახალი მიდგომების შემუშავების შედეგად უნდა მოხდეს ეკონომიკის გაჯანსაღება.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით მიღებულ გადაწყვეტილებებს და როგორ ფიქრობთ, დამატებით რა ღონისძიებების განხორციელებაა აუცილებელი?

- საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ამა წლის 13 მარტს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური გავლენების შესარბილებლად ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებების გეგმა წარადგინა.

გეგმა გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსის გაჩენას. კერძოდ, ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას.

აღნიშნული პროცესის შედეგად მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით გამოთავისუფლდება 100 მლნ. ლარის ფინანსური რესურსი. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ბანკი მათ მისცემს შენატანის გადავადების საშუალებას.

იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს, საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და საშემოსავლო გადასახადებს. შედეგად, შეღავათი შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელს და 50,000-ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ. ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში.

გარდა ამისა, კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ. ლარის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს დაუბრუნებს 1,200 მლნ. ლარს, ანუ 600 მლნ. ლარით მეტს.

კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ. ლარის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს დაუბრუნებს 1,200 მლნ. ლარს, ანუ 600 მლნ. ლარით მეტს

გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს.

ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ. ლარით.

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვფიქრობ, რომ ყველა მოწყვლად ჯგუფზე და ინოვაციურ, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე ორიენტირებული ანტიკრიზისული გეგმა გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება - სოციალური დახმარების პაკეტის შემუშავება ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის, რომლებსაც დაწესებული შეზღუდვების გამო ზიანი მიადგათ და არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი.

პაკეტის თანახმად, კომუნალურ გადასახადებზე გარკვეული ვადით მორატორიუმი დაწესდება. სოციალური დახმარების პაკეტი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პენსიონრებისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვის აუცილებლობაზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.

ამასათანავე, გაითვალისწინებს უფასო ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას. ამ აქტივობის განხორციელება შესაძლებელია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რათა ფინანსური რესურსის არქონამ არ შეაფერხოს ახალგაზრდების მიერ დისტანციურად განათლების მიღება. ასევე, შესაძლოა, მასში აისახოს სოციალური დახმარების სხვა საკითხებიც.

უნდა დაჩქარდეს ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების პაკეტის შემუშავება, რათა უმოკლეს ვადებში სახელმწიფომ ხელი შეუწყოს არაერთი ციფრული პლატფორმის განვითარებას, რომ სავაჭრო ობიექტებმა შეძლონ სავაჭრო ურთიერთობების ონლაინ სივრცეში ხარვეზების გარეშე წარმართვა.

უნდა დაჩქარდეს ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების პაკეტის შემუშავება, რათა უმოკლეს ვადებში სახელმწიფომ ხელი შეუწყოს არაერთი ციფრული პლატფორმის განვითარებას, რომ სავაჭრო ობიექტებმა შეძლონ სავაჭრო ურთიერთობების ონლაინ სივრცეში ხარვეზების გარეშე წარმართვა

ადგილობრივი წარმოების განვითარების პაკეტის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს ჩამონათვალს იმ შესაძლო პროდუქტების, რომელთა წარმოება საქართველოშია შესაძლებელი. ასევე, ამ მიმართულებით გაითვალისწინებს სუბსიდიების გაცემას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

შსაძლოა, პაკეტი ითვალისწინებდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით რეგიონებში უშუალოდ მოსახლეობის დახმარებას, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება.

მიუხედავად გამოწვევებისა, საშუალოვადიან პერიოდში, აუცილებელია ინვესტორების მოზიდვა ხელსაყრელი პირობების შეთავაზებით, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

მიზანშეწონილია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხელახალი მუხლობრივი გადანაწილება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს საბიუჯეტო თანხების დაზოგვა. გამოთავისუფლებული თანხები კი მოხმარდეს ეკონომიკის გაჯანსაღებას.

მიზანშეწონილია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხელახალი მუხლობრივი გადანაწილება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს საბიუჯეტო თანხების დაზოგვა. გამოთავისუფლებული თანხები კი მოხმარდეს ეკონომიკის გაჯანსაღებას

ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური როლის გათვალისწინება. მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის ქვეყნის მომავალია.

ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციების მოზიდვა ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე, საბოლოო ჯამში, სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოჯისტიკურ ჰაბად.

- თქვენ ყურადღება გაამახვილეთ ინოვაციური, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებაზეც. კონკრეტულად რას გულისხმობდით?

- ცხადია, გამოწვევის ბუნებიდან გამომდინარე, ციფრული მმართველობის ინსტრუმენტები, მათ შორის ელექტრონული საქმისწარმოება, ელექტრონული სერვისები, ონლაინ სწავლების პლატფორმები, ონლაინ საკომუნიკაციო ფორმატები, საშუალებები გვეხმარება დისტანციურად განვახორციელოთ ჩვენი ფუნქციები.

ამასთანავე, სინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში შესაძლებელია ინოვაციური მიდგომების დანერგვა. მაგალითად, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელია ინფიცირებულთან კონტაქტის დადგენა.

სინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში შესაძლებელია ინოვაციური მიდგომების დანერგვა. მაგალითად, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელია ინფიცირებულთან კონტაქტის დადგენა

აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით მონაცემები შესაბამისი რეაგირებისთვის ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიურ ცენტრში იგზავნება. აპლიკაციის ჩამოსატვირთად App Store და Google Play გამოიყენება.

ამდენად, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ არაინფიცირებულმა ადამიანმა აპლიკაციის მეშვეობით შეიტყოს ინფიცირებული ადამიანის მოახლოება. თუმცა მსგავსი მიდგომის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, როგორც დროებითი ზომა. სხვა შემთხვევაში აუცილებელია ინდივიდის პირადი სივრცის დაცვა.

- როგორ ფიქრობთ, გლობალური კრიზისის პირობებში რამდენად შესაძლებელია პარტნიორებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფინანსურად მხარი დაგვიჭირონ?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსთან ბრძოლის გამოწვევის წინაშე დგას, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს.

კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ მიერ სპეციალურად გამოყოფილი ფონდებიდან რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ასევე მნიშვნელოვანია, ფულადი რესურსის მოზიდვის მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB) და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან მიზნობრივი პროგრამების, პროექტების შემუშავება.

გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების შესაქმნელად

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დასავლეთი ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით საკმაოდ მოცულობითი პაკეტების განხორციელებას გეგმავს. მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ეკონომიკის სტიმულირების 2 ტრილიონის აშშ დოლარის ოდენობის გეგმა დაამტკიცა, ხოლო ევროკავშირი 1 ტრილიონი ევროს გამოყენებას გეგმავს.

ახლახან მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კი ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამასთან, ხსენებული სახელმწიფოები კორონავირუსის გამო არსებული სოციალურ - ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად დამატებით 700 მილიონ ევროს მიიღებენ.

- ფაქტია, რომ პანდემიამ მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. თქვენი დაკვირვებით, ამ ფონზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება მოვლენები?

- რასაკვირველია, რთულია კონკრეტული პროგნოზების გაკეთება. თუმცა ვითარებას ოპტიმისტურად და, ამავდროულად, რეალისტურად უნდა შევხედოთ, გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციოთ.

მაგალითად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ექიმები ჩვენს ექიმებთან გადიან კონსულტაციებს და იღებენ რჩევებს კორონავირუსის დასამარცხებლად. საქართველო, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ავლენს მედეგობას გლობალურ გამოწვევასთან გასამკლავებლად, საზოგადოება სოლიდარულია.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად იკვეთება იზოლაციონისტური ტენდენციები, პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში მსოფლიოში განხორციელებული ცვლილებები დიდი ალბათობით პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გლობალიზაციისკენ იქნება ორიენტირებული.

მარტივი ჭეშმარიტებაა - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამასთანავე, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების შესაქმნელად.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ