დავით ნარმანია - ვისაც საშუალება აქვს და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განაცხადებს უარს სახელმწიფო მხარდაჭერაზე, შეეძლება, თავად გადაიხადოს კომუნალური გადასახადი, რითაც დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავად დაფარონ კომუნალური გადასახადები და სახელმწიფოს დაფინანსებით არ ისარგებლონ. ამის შესახებ დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ნარმანიამ განმარტა, პარამეტრები - 200 კილოვატი ელექტროენერგია და 200 მ3 ბუნებრივი აირი იმის გათვალისწინებით შეირჩა, თუ საშუალოდ რამდენს მოიხმარენ იმ კატეგორიის ოჯახები, რომელთაც ახლა, შესაძლოა, კომუნალური გადასახადების გადახდის კუთხით პრობლემა შექმნოდათ.

„ესაა საშუალო ტიპური ოჯახები, რომელთაც არ აქვთ დიდი სახლები, გათბობის ისეთი სისტემები, რომლებიც დიდ ფართს ათბობს. ესაა ისეთი კატეგორიის ოჯახები, რომელთაც რეალურად ამ პირობებში ასეთი ტიპის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა, შესაძლოა, აქ იყოს ისეთი ტიპის ოჯახები, რომელებიც ამ დახმარებას არ საჭიროებენ, რომელთაც არ დაუკარგავს სამსახური და მიუხედავად ყველაფრის აქვთ შემოსავალი. რა თქმა უნდა ასეთი კატეგორიის ოჯახებიც მოხვდნენ ამაში, თუმცა იქნება შესაძლებლობა, რომ ის ვისაც ამისი საშუალება აქვს და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თავად განაცხადებს უარს სახელმწიფო მხარდაჭერაზე, მას შეეძლება რომ თავად გადაიხადოს თანხა კომუნალურ კომპანიებში და ამით დაიზოგება ის საბიუჯეტო სახსრები, რომელიც შესაძლოა, მთავრობამ სხვა არანაკლებ პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაზე მიმართოს“,-აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა