ტურიზმის ადმინისტრაცია - ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის  საერთაშორისო ონლაინ პანელზე, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში , ონლაინ პანელზე COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პანელური დისკუსია სახელწოდებით „COVID-19 შავიზღვისპირა რეგიონში : პოტენციური საფრთხეები და რეგიონული კოორდინაცია“ შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული პრობლემების და რეგიონული კოორდინაციის შესახებ მოეწყო.

საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე საქართველო მიიწვიეს როგორც განსაკუთრებული „ქეისის“ მქონე ქვეყანა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული ღონისძიებები გააცნო. პანელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო მკვლევარები და უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ. პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საქართველოს მთავრობამ ეფექტური და რაც მთავარია, მყისიერი რეაგირება მოახდინა. საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსის შემოღწევამდე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მიღებულმა ზომებმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვლა. საქართველოს მთავრობამ მყისიერად შეაჩერა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებად გამოცხადნენ. მთავრობის მიერ შეიქმნა საკარანტინო ზონები, სადაც 14 დღის განმავლობაში გადაგვყავს თითოეული მგზავრი, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს. ამ დროისათვის სავალდებულო საკარანტინო ზონებში 5 500-ზე მეტი მოქალაქე გვყავს. 1500-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიარა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და ისინი საკუთარ ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საქართველო აქტიური ტურისტული ქვეყანაა და შედეგად სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეები თავს კომფორტულად გრძნობენ. საქართველო მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი აკრძალვები დაწესდა გადაადგილების, ტრანსპორტის, შოპინგის და სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ძალიან პოზიტიურად შეაფასა.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, „საქართველო მობილიზებულია და მთავრობას აქვს მყარი სტრატეგია, თუ როგორ შემცირდეს ახალი კორონავირუსის გავრცელება“.

„მოლოდინია, რომ დაინფიცირების ციფრები გაიზრდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეანელოს ზრდის ტემპი. საქართველოს მთავრობა აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ახორციელებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი, მკაფიო ინფორმაცია თუ რა არის მნიშვნელოვანი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან COVID-19-თან ბრძოლაში საჭიროა ორმხრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას აქვს სტრატეგია რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად მოსახლეობამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას სოციალური დისტანციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის სამომავლო გავრცელების პრევენციისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო ონლაინ პანელის მსვლელობისას, მარიამ ქვრივიშვილმა უცხოელ წამყვან ექსპერტებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების სრული სპექტრი დეტალურად გააცნო.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ვაშინგტონში 1946 წელს დაარსდა. ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე მუშაობენ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!