მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას

პანდემიის გამო შემქნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი სრულყოფილად განაგრძობს მუშაობას და მომხმარებლებისთვის სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. როგორც საერთაშორისო გამოცემა World Trademark Review-ის სტატიიდან ჩანს, საქპატენტი მსოფლიოში იმ ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სიაშია, რომელიც მთლიანად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა და შეფერხება არ ჰქონია.

საგანგებო ვითარების პირობებში საქმიანობასა და უწყების სამომავლო გეგმებზე „ინტერპრესნიუსს“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ესაუბრა.

- რამდენად მომზადებული შეხვდა საქპატენტი გამოწვევებს, რომლებიც ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე შეიქმნა?

- საქპატენტში, აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) e-Governance პროექტის ფარგლებში, დანერგილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადებზე საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა, რაც საქპატენტს აძლევს შესაძლებლობას, ელექტრონულად მიიღოს და დაამუშაოს განაცხადები ყველა ობიექტზე, ხოლო განმცხადებლებს – აწარმოონ განაცხადების ონლაინ მონიტორინგი. აღნიშნულმა ელექტრონულმა სისტემამ, დიდწილად განაპირობა, ის, რომ საქპატენტმა შეძლო და უმოკლეს ვადაში მომზადებული შეხვდა ახალ გამოწვევას და შესაძლებლობა ეძლევა, პრაქტიკულად შეუფერხებლად განახორციელოს მასზე დაკისრებული მნიშვნელოვანი ფუნქციები. ეს ცხადია მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსოფლიოში გვხვდება შემთხვევები, როდესაც ცალკეული განვითარებული ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების ოფისებმა სრულად ან ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა.

მინდა ჩვენს პარტნიორებს, აშშ-ს მთავრობას, განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) და საქართველოში აშშ-ს საელჩოს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქპატენტში პროცესების ელექტრონული მართვის სისტემის დანერგვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

- COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პრაქტიკულად ყველა უწყება გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. რამდენად მოახერხა საქპატენტმა ყველა სერვისის მიწოდების ონლაინ რეჟიმში გადატანა?

- საბედნიეროდ, გუნდური მუშაობის, ეფექტური კოორდინაციისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯზე შევძელით და მალევე, თავდაპირველად ნაწილობრივ, ხოლო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავედით.

საწყისი ეტაპიდანვე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაიცა მითითებები და რეკომენდაციები, ჩვენ გავატარეთ შესაბამისი პრევენციული ზომები და დავიწყეთ მზადება დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის კუთხით. მნიშვნელოვანი იყო სერვისების გაწევის პროცესში არ გვქონოდა შეფერხებები, მაგრამ უმთავრესი ამოცანა იყო გვეზრუნა საქპატენტში დასაქმებულ თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, შეგვექმნა მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე ამოცანას წარმატებით გავართვით თავი.

მიუხედავად აღნიშნულისა, ვფიქრობ, რომ არ გვაქვს მოდუნების საფუძველი, რამეთუ მომავალში სამუშაო პროცესში შესაძლოა სხვა გამოწვევებმაც იჩინოს თავი, რასაც ვიმედოვნებ, რომ ასეთივე წარმატებით გავუმკლავდებით.

- რაც შეეხება უშუალოდ საქმის წარმოების პროცესს, განსხვავებული რეჟიმით მუშაობა როგორ აისახა საქმის წარმოების ვადებზე და თავის მხრივ, ამ პერიოდში რამდენად აქტიურად მოგმართავენ ფიზიკური თუ იურიდიული პირები სხვადასხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლების მისაღებად?

- შეიძლება ითქვას, რომ საქმის წარმოების პროცესში შეფერხება არ გვქონია. ყველა ნაბიჯის, ცვლილების შესახებ, რასაც ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებიდან გამომდინარე ვნერგავდით, პროაქტიულ რეჟიმში ინფორმაციას სხვადასხვა არხების მეშვეობით ვაწვდიდით საზოგადოებას, ჩვენს მომხმარებლებს, აღსანიშნავია ასევე, რომ პატენტრწმუნებულებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ისინი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეტაპობრივად ღებულობენ ჩვენგან ინფორმაციას.

იმის გათვალისწინებით, რომ ინტელექტუალური საკუთრება, ნებისმიერი კერძო კომპანიისათვის ეკონომიკური სარგებლის მომტან უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს, აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს, იქნება ეს გამოგონებაზე პატენტის აღების, სასაქონლო ნიშნის თუ გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების რეგისტრაციის მხრივ, შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას.

ვინაიდან გვაქვს დისტანციურად მუშაობის არხები და შესაძლებლობა, რაიმე შეფერხებას სამუშაო პროცესებთან მიმართებით არ ველოდებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ექსპერტები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ სრულად არიან ტექნიკურად აღჭურვილნი, ხელი მიუწვდებათ შესაბამის პროგრამებსა და სისტემებზე, რითაც შესაძლებლობა აქვთ მარტივად და ეფექტურად განახორციელონ დაკისრებული უფლება-მოვალეობები. უბრალოდ კიდევ ერთხელ შევახსენებ მომხმარებლებს, რომ არ დაელოდონ დროს, როცა ფიზიკურად ექნებათ ჩვენთან ოფისში მოსვლის შესაძლებლობა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე პატენტის მისაღებად, რეგისტრაციისა თუ დეპონირების დროს გამოიყენონ ჩვენთან კომუნიკაციის ელექტრონული არხები, მათ შორის პროცესების ელექტრონული მართვის სისტემა. მითუმეტეს, რომ ამ ფორმით კომუნიკაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურებზე დადგენილია 20%-იანი შეღავათი, რაც დამატებითი სტიმული უნდა იყოს მათთვის.

ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ გვაქვს ჩავარდნა მომართვიანობასთან დაკავშირებით, თუ გადავხედავთ იანვარ-თებერვალ-მარტის სტატისტიკას და შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლება არ ფიქსირდება, პირიქით, ზოგ ობიექტზე განაცხადების წარდგენის კუთხით მცირე მატებაც კი შეინიშნება. თუმცა, ვნახოთ, მთელს მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა შემცირდეს კიდეც განაცხადების რაოდენობა.

- რაც შეეხება საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატას, ამ ეტაპზე როგორ ხდება საჩივრების წარდგენა და განხილვა, რამდენად ხშირად მოგმართავენ?

- ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ამ რგოლის ეფექტურად მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატას, მეტად საპასუხისმგებლო ფუნქციები გააჩნია, იგი დავის გადაჭრის ეფექტური და ქმედითი საშუალებაა, რომელიც იხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით საქპატენტის ექსპერტიზის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სააპელაციო პალატის მუშაობაც დისტანციურ რეჯიმში გადაგვეტანა.

სააპელაციო პალატამ დისტანციური სხდომების გამართვა გასული კვირიდან დაიწყო. პირველ დისტანციურ სხდომაზე, რომელიც 2 აპრილს ჩატარდა, პალატის კოლეგიამ აპელანტი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საჩივარი. შესაბამისად, შეფერხება არც ამ მიმართულებით გვქონია და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სააპელაციო პალატის სხდომები კვლავაც დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

- როგორც ცნობილია საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის სასწავლო პროცესს ახორციელებს, როგორ მუშაობთ ამ მიმართულებით?

- დიახ, ამ მიმართულებით საქპატენტში არსებობს სასწავლო ცენტრიც, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. ამჟამად, 250 მონაწილეა რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე - DL101GE, რომელიც დისტანციური სწავლების მე-5 სესიაა (DL10120S1).

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულები იღებენ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემულ სერტიფიკატს, რომლის საფუძველზეც შემდგომში შესაძლებლობა ექნებათ WIPO-ს აკადემიაში შეისწავლონ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცალკეული დარგების შესახებ სხვა კურსები. აქვე აღვნიშნავ, რომ საქპატენტის სასწავლო ცენტრში პერიოდულად ვატარებთ ტრენინგებს, რომლებიც არის უსასყიდლო და მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

- და ბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ სამომავლო გეგმებზე, რა სიახლეებს გეგმავს საქპატენტი მიმდინარე წელს?

- ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვას, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის სისტემის დახვეწის პროექტზე, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO). ევროკავშირი მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარების საქმეში, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

გეგმებს რაც შეეხება, სამუშაო ნამდვილად ბევრი გვაქვს, ბუნებრივია, რომ არსებობს გამოწვევები, რომელთა გასამკლავებლად ვგეგმავთ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, სამუშაო გვაქვს ორგანიზაციის ადამიანური და ინსტიტუციონალური რესურსების განვითარების მიმართულებით, მათ შორის სასწავლო ცენტრის უფრო მეტად გაძლიერებისა და დატვირთვის კუთხით, სამუშაოა ასევე კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, გასატარებელია რიგი ღონისძიებები ცნობიერების ამაღლების, ინოვაციური საქმიანობის განვითარებისა და ხელშეწყობის, კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებებით, გადასადგმელია ასევე კონკრეტული ნაბიჯები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან მიმართებით, მათ შორის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების კუთხით. ოთხწლიან სამუშაო გეგმაში, რომელსაც საზოგადოებას მომავალში წარვუდგენთ, სწორედ ეს პრიორიტეტული მიმართულებებია, კონკრეტული ნაბიჯებითა და ღონისძიებებით გაწერილი. რადგან, მნიშვნელოვანია, რომ ის დადებითი პოზიციები, რომლებიც რეგიონში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით გვიკავია არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს შექმნილ ვითარებაში, იმედი მაქვს, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდება.

“ინტერპრესნიუსი“

მარიამ ტიტვინიძე

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ