მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 10 აპრილს, უნგრეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს 24 მოაქალაქე, მათ შორის, 18 სტუდენტი, ბუდაპეშტიდან, მინსკის გავლით, ერევანში გაემგზავრა, სადაც მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და ორგანიზებულად დააბრუნეს სამშობლოში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ამ რეისის მგზავრებს შორის იყო საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო და ვერ ტოვებდნენ უნგრეთს.
სამინისტრის ინფორმაციით, სამი კვირის განმავლობაში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო აღნიშნული მოქალაქეების ცხოვრების, კვებისა და შემდგომ სამშობლოში მათი გამგზავრების ხარჯები.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, უნგრეთში საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება, მათ საელჩო უწევს მზრუნველობას და უახლოეს დღეებში ასევე იგეგმება მათი სამშობლოში დაბრუნება.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ 10 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ბელარუსში მყოფი ქართული ოჯახი ორი ახალშობილი ბავშვით, რომლებიც პანდემიის გამო რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდნენ, პირველადი საჭიროების ნივთებით (მედიკამენტები, საკვები) უზრუნველყვეს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ოჯახის საქართველოში დაბრუნების გზების ძიებაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საყურადღებოა, რომ ბელარუსში საელჩოს ხელშეწყობით, 20 და 21 მარტს, ავიაკომპანია „ბელავიამ“ განახორციელა ორი რეისი მინსკი-თბილისის და ერთი რეისი მინსკი-ბათუმის მიმართულებით, რომელთა მეშვეობით საქართველოს ასობით მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ასევე, საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისების მეშვეობით, საქართველოში ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 220-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს რამდენიმე ათასი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.