ბადრი ჯაფარიძე - ხელისუფლებას მივმართავთ, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისაგან მოითხოვს, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდეს, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ლელო საქართველოსთვის“, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების დიდმა უმრავლესობამ თავის დროზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, მაგრამ სულ უფრო მეტად რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი კრიზისული ვითარების საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.

„საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს: პანდემიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ხედვას და ანალიზს, ასევე ამ სფეროს მზაობას სხვადასხვა სცენარებით სიტუაციის განვითარების შემთხვევაში. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს სასწრაფოდ და უნდა მოიცავდეს: ბიზნესის ფისკალური და მონეტარული სტიმულირების გეგმას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შესაძლო ვადებს/პირობებს; სასურსათო უზრუნველყოფის და უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს; საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სრულმასშტაბიან ხელშეწყობას; ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მექანიზმებს; ასევე, სოციალური დახმარებების გეგმას ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის; კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღრიცხვას და მათთვის კომუნალური და სასურსათო შეღავათების გაწევას; განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას; კომენდანტის საათის მიზანშეწონილობის მკაფიო დასაბუთებას; რიგი შეზღუდვების და რეგულაციების ეფექტურობის და საჭიროების დასაბუთებას; საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების კონკრეტულ გრაფიკს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ნათელი, გვჭირდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და თუ გვჭირდება, მაშინ, როგორი შეზღუდვებით და რა ვადით. შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” გადაწყვეტილებას, დაუჭიროს თუ არა მხარი, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ან მის შეწყვეტას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმაც, რომლის თქმითაც, სერიოზულ ეჭვებს ბადებს ის რეგულაციები, რომელიც ამა თუ იმ ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს, ხოლო სხვას უკრძალავს ამას.

„საქართველოს მართლაც სჭირდება საგანგებო პოლიტიკა, რომელიც გასტარებელია ერთი მხრივ, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც გვაქვს წამატებები და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ცხოვრების ადაპტირებისთვის კორონავირუსის პირობებში ცხოვრების გამოწვევებთან, სადაც გვაქვს სერიოზული პრობლემები. ეს გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ დღემდე ვერ მოახერხა ერთიანი ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა კორონავირუსთან ბრძოლის პრიორიტეტებიც და საზოგადოების ფუნქციონირების ახალ გარემოებებთან ადაპტირების კონკრეტული მიდგომებიც. საქართველოს მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებული ნაწილი დაგვრჩა ყველაზე უფრო უყურადღებოდ და პრობლემურ ვითარებაში. ეს ის ხალხია, ვისაც არ გააჩნია დანაზოგი და ყოველდღიური შრომით შოულობდა სარჩოს. ამ მიმართულებით მთავრობამ ვერ შესთავაზა საზოგადეობას ვერც მოკლე და ვერც გრძელვადიანი გამოსავალი. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტი ხასიათდებოდა სერიზოული კონსტიტუციური ხარვეზებით, რომელმაც უკვე გამოიწვია სასამართლოების საქმის წარმოება. ეს ყველაფერი არის სერიოზულად გასაანალიზებელი და იმედი გვაქვს, რომ უკვე მიღებული გამოცდილება მაინც გახდება იმის წინაპირობა, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომი გადაწყვეტილებები უკეთ იქნეს გააზრებული და ჩამოყალიბებული," - განაცხადა უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა