დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის დასადგენი ტესტებით ყოველდღიურ რეჟიმში მარაგდება.
„დღეს საჭიროა სწრაფ ანტიგენზე დამყარებული ტესტიც გვქონდეს, მისი გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში შემოსულია და ასევე ანტისხეულებზე დამყარებული ტესტიც, რომელიც ასევე გარკვეული რაოდენობა არსებობს. ყოველდღიურად, ქვეყანაში ეს მარაგები, როგორც PCR-ის, ასევე სწრაფი ტექნოლოგიების, ივსება.
დღეს პრემიერ-მინისტრისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ დავალება და ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე წარდგენილი იქნება ე.წ. ოქროს სტანდარტის კიდევ უფრო მეტი გაფართოების მოსაზრება, ანუ როდის შეგვეძლება ყოველდღიურად ავიდეთ დაახლოებით, 800-1000 ტესტზე და შემდეგ, 1200-1500 ტესტზე.
დღეს 5 ლაბორატორია აწარმოებს ქვეყანაში PCR ტესტირებას, თანდათანობით, 15 ლაბორატორიამდე უნდა ავიდეთ და ტესტების მარაგი ამ ეტაპზე იმ სიმძლავრეებისთვის, რასაც დღეს 5 ლაბორატორია მოიხმარს, საკმარისია. ხვალ, ზეგ და მაზეგ, როგორ შეივსება ტესტების რაოდენობა, განრიგი გვაქვს, რათა ეს უფრო გაფართოებული იყოს. დღეს, ვისაც ალგორითმის მიხედვით, ტესტირება ეკუთვნის, არც ერთ შემთხვევაში უარი არ თქმულა, მაგრამ როცა გაფართოებულ ტესტირებაზე ვსაუბრობთ, მეტი ლაბორატორიული სიმძლავრეები გვჭირდება PCR-თან მიმართებაში, ხოლო სწრაფი ტესტები თვითონ კლინიკებმა უნდა აწარმოონ. კოვიდის სამკურნალო კლინიკა ქვეყანაში 14-ია, ე.წ. ცხელების კლინიკა კი 17-ია“, -განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე მიმართა საზოგადოებას, ნაკლები იარონ საფლავებზე.
„ყველას ვთხოვ - ნაკლები შეკრება ოჯახებში, ნაკლები გასვლა სასაფლაოებზე, ნაკლები ყოფნა ეკლესიაში. დაიცვან გაჟღერებული რეკომენდაციები", - განაცხადა გამყრელიძემ.