გიორგი კანდელაკი - სუს-ის ანგარიშში საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე, თუმცა მის ავტორს თითქოს გამორჩა, ვისი ინიციატივა იყო საქართველოში გავრილოვის ჩამოყვანა

„ერთია, ლამაზი სიტყვებით სადღეგრძელოს სახით ჩამოყალიბებული ანგარიში, მაგრამ მეორეა - ვითარება ქვეყნის შიგნით, ვინ უწყობდა ხელს რუსეთის გავლენის ზრდას“, -ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი გიორგი კანდელაკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშს.

კანდელაკის განცხადებით, კარგია, რომ ანგარიშში რუსეთი ქვეყნის მთავარ საფრთხედაა მოხსენიებული, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, ვინ უწყობდა ხელს რუსეთის გავლენის ზრდას ქვეყნის შიგნით.

„სუს-ის ანგარიშში რუსეთი მოხსენიებულია, როგორც მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მართლაც ასეა, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერია ნათქვამი იმაზე, მთელი ამ დროის განმავლობაში ვინ უწყობდა ხელს რუსეთის გავლენის ზრდას ქვეყნის შიგნით. როცა „ფეისბუქმა“ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასეულობით გვერდი და პროფილი გააუქმა, იმ კვლევაში, რომლის საფუძველზეც „ფეისბუქმა“ ეს გააკეთა, აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ „ტროლები“ აქტიურად იყენებდნენ ანტიდასავლურ გზავნილებს, ცდილობდნენ ნატოს და ჩვენი ხალხის დასავლური არჩევანის დისკრედიტაციას. ასევე, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ 8 წლის განმავლობაში საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მოახერხა, რომ არ გამოუვლენია და არ დაუკავებია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე არც ერთი ჯაშუში, მაშინ როცა რუსეთის ჯაშუშებს აკავებენ ყველგან, ფინეთიდან დაწყებული, ამერიკით დამთავრებული. ასევე, როცა საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე და გავრილოვის ჩამოყვანაზე, თითქოს, ამ ანგარიშის ავტორს გამორჩა, ვისი ინიციატივა იყო სქართველოში გავრილოვის ჩამოყვანა და ამ ე.წ მართლმადიდებლობის ასამბლეის გამართვა, რომელიც როგორ საყოველთაოდაა ცნობილი, არის რუსეთის გავლენის ერთ-ერთი პლატფორმა. ესტონეთისა და ლიტვის უშიშროების სამსახურებიც ამას ამბობენ“, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა წარმოადგენდა. ანგარიშის თანახმად, რუსეთი გავლენის მოსაპოვებლად კვლავ ახორციელებდა ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით სამხედრო ზეწოლას, ასევე მიმართავდა სხვადასხვა სახის ფარულ და კიბერ ოპერაციებსა და მედიამანიპულაციებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს