საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ბანკმა 20 000 ლაბორატორიული ტესტი შეიძინა, რომელიც უკვე საქართველოშია და ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად, მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა.
„COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის ლაბორატორიული ტესტის ქონა. ის პანდემიასთან ბრძოლაში მთავარი იარაღია. 20 000 ლაბორატორიული ტესტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველას, დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. ახლა, როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენს საერთო მტერთან, COVID 19-თან ბრძოლა, მიგვაჩნია, რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით, უნდა ვიზრუნოთ ვირუსის დასამარცხებლად“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მან ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადასცა 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი.