პირი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ოჯახთან ერთად მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ეს არ არის გარე შემთხვევა, - ამის შესახებ ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტის კონტაქტები გამოკვლეულია.
„ე. წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულია ერთი ახალი შემთხვევა, როგორც დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა. ეს პიროვნება ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბაისად, ეს არ არის გარე შემთხვევა, ანუ მეთვალყურეობის ქვეშ არსებული პერსონათა რიცხიდან იქნა ახალი შემთხვევა დადასტურებული. ამ ოჯახის წევრებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში და მდგომარეობა არის კონტროლზე. რაც შეეხება კონტაქტებსა და კონტაქტების კონტაქტებს, ძირითადად ეს საკითხი გამოკვლეულია. თუკი ახალი კონტაქტები იქნება, ისინიც იქნებიან შესწავლილი და მდგომარეობა იქნება ნათელი“,- განაცხადა ქათამაძემ.
მისივე თქმით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულია კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა და მათი კონტაქტების რაოდენობა 270-მდეა.
„დღეს დადასტურებული შემთხვევა არის ე. წ. ქობულეთის კლასტერიდან 34-ე. მათი საერთო კონტაქტების რიცხვი არის 270-მდე. დღეს და ხვალ იგეგმება თითქმის ყველა კონტაქტის ტესტირება და შესაბამისად, პასუხები იქნება ჩვენთვის ცნობილი“,- განაცხადა ქობულეთის მერმა.
რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასაფლაოებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, მირიან ქათამაძის განცხადებით, ვითარება სამართალდამცველების მიერ კონტროლდება და ჯერჯერობით დარღვევა გამოვლენილი არაა.
„დილიდან ამ საკითხს აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩართულია მუნიციპალური სამსახური, ზედამხედველობის სამსახური. კონტროლდება როგორც ქალაქის დიდი სასაფლაო, ასევე, სოფლებში სხვა სასაფლაოებიც და ჯერჯერობით რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირებული არ არის“,- განაცახდა ქობულეთის მერმა.