ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული 75 შემთხვევაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულია 54 ადამიანი, მარნეულში 15 ხოლო რუსთავში 8 პირი. რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშილმა ჟურნალისტებს განუცხადა გუშინ რეგიონში მხოლოდ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„გუშინ 4 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა ბოლნისში. სამედიცინო კლასტერიდან, ოჯახებიდან, სადაც ინფექცია დადასტურებული იყო, გაგრძელდა ოჯახის ერთ წევრთან და ექთანთან. ასევე სავანეთის ოჯახურ კლასტერთან გვაქვს შემთხვევა და პირებთან ვინც იყვნენ თვითიზოლაციაში, კარანტინში.
ყველა ახალ შემთხვევასთან ზომები მიღებული იყო წინასწარ და მათ პრაქტიკულად კონტაქტები არ ჰქონიათ. ზოგადად რაც შეეხება ბოლნისს და იმ მდგომარეობას რაც ბოლნისშია: მინდა მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცის სამინისტროს, რადგან ჩვენ ეპიდემიოლოგებს დაემატა სამი დამატებითი ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან. განსაზღვრული გვაქვს რისკ ჯგუფი, რომელშიც არის 300 ადამიანი. გუშინ გვიან ღამემდე შრომით 95 საკვლევი მასალაა გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს. საბედნიეროდ უარყოფითი პასუხები მოვიდა გარდაბნის, რუსთავისა და მარნეულის შემთხვევებზე და იქ ვინარჩუნებთ სტაბილურ მდგომარეობას“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის ვირუსისგან 9 პაციენტი განიკურნა, თუმცა, პოზიტიური მოლოდინებით, კვირის ბოლოსთვის ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.