საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კარანტინის ან იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ნაცვლად, 2 ათასი ლარი იქნება

კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად, 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევისთვის იურიდიული პირისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ამ ოდენობის ჯარიმა მხოლოდ იმ შემთხვევი იმოქმედებს, თუკი ამ დროს ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმი არ იქნება გამოცხადებული.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იქნება გამოცხადებული, ასეთ დროს შემოღებული რეგულაციების, მათ შორის კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევაზე სანქციის ოდენობა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით იქნება დარეგულირებული.

„ადამიანი, ვინც კარანტინის და იზოლაციის წესს არღვევს მაშინ, როდესაც არ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა, ეს უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულს უფრო წარმოადგენს, ვიდრე მმართველობის წესის დარღვევას. ამიტომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა თავში შეგვაქვს ეს მუხლი. როდესაც არ გვაქვს საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა იქნება ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 ათასი ლარი. ასევე, ამ მუხლს ექნება შენიშვნა, რომლის თანახმად შსს-ს ექნება შესაძლებლობა, რომ წესის დამრღვევი პირი, იზოლაციის მიზნით, კარანტინში ან შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანოს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცალკე მუხლი იქნება შემოთავაზებული საგანგებო ან/და საომარი რეჟიმის დარღვევაზე. ეს რეჟიმი განსაზღვრული იქნება დეკრეტით, მთავრობის დადგენილებით. ამ რეჟიმის დროს მოქმედი ყველა რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის პასუხისმგებლობას, თუმცა აქ სანქციის მითითება ხდება პრეზიდენტის დეკრეტზე დაყრდნობით. პრეზიდენტის დეკრეტში იქნება განსაზღვრული, საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს როგორ უნდა იყოს სანქცირებული სამართალდარღვევები. რასაც პრეზიდენტის დეკრეტი განსაზღვრავს, იმაზე დაყრდნობით მოხდება სამართალწარმოების წარმართვა. იმ შემთხვევაში, თუკი საგანგებო ან საომარი რეჟიმის დროს კარანტინის და იზოლაციის წესიც დეკრეტით არის გათვალისწინებული, ანუ თუ საგანგებო ან საომარი რეჟიმის დროს განახორციელებს პირი კარანტინის და იზოლაციის წესის დარღვევას, მაშინ ესეც ჩაითვლება როგორც საგანგებო/საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევად. ასეთ შემთხვევაში, ნორმის შემფარდებელმა უნდა იხელმძღვანელოს 177-ე და 175-ე მუხლით, რომელიც უკვე მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავში შედის,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გარდა ამისა, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის თანახმად, თუ პირი კარანტინის ან/და იზოლაციის წესს ხელმეორედ დაარღვევს და ამასთან, ქვეყანაში არ იქნება გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც გულისხმობს შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

იურიდიული პირის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება ჯარიმა, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ან ლიკვიდაცია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი კარანტინის ან იზოლაციის წესების ხელმეორედ დარღვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იქნება გამოცხადებული, სანქციას კვლავ პრეზიდენტის დეკრეტი განსაზღვრავს.

„სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 2481 მუხლი, რომლის თანახმად თუ პირმა დაარღვია კარანტინის და იზოლაციის წესი მეორედ, ანუ მას შემდეგ, რაც მას ადმინისტრაციული სახდელი უკვე დაეკისრა, ასეთ დროს მას დაეკისრება უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. აქ სანქციები არის შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე. იურიდიული პირის შემთხვევაში აქაც გათვალისწინებულია ჯარიმა, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ან ლიკვიდაცია. სისხლის სამართლის კოდექსს ასევე ემატება 3591 მუხლი, რომლის თანახმად, საგანგებო რეჟიმის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. აქაც, თუ იზოლაციის და კარანტინის წესები საგანგებო ან საომარ რეჟიმშია მოქცეული, მაშინ ეს იქნება არა კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა, არამედ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა. აქაც სანქცია განისაზღვრება პრეზიდენტის დეკრეტით,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცების შემთხვევაში, 2020 წლის 2 მაისიდან ამოქმედდება.

რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს