მამუკა ხაზარაძე - მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა არის სოციალური პაკეტი, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა არის სოციალური პაკეტი, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში არ ჩანს ეკონომიკის ამუშავების გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა დაუბრუნდნენ ადამიანები სამუშაო ადგილებს.

„ყველამ მოვისმინეთ მთავრობის მიერ გაცხადებული ანტიკრიზისული პროგრამა, რომელსაც ანტიკრიზისთან, ჩემი აზრით, მჭიდრო კავშირი არ აქვს, რბილად რომ ვთქვა. ეს არის უფრო სოციალური დახმარების პაკეტი. ჩვენ ვერ დავინახეთ ყველაზე მთავარი ღერძი, სადაც ეკონომიკა იქნება ამუშავებული. საბოლოო მიზანი არის ადამიანების ეკონომიკური უზრუნველყოფა, მათი სამუშაო ადგილების შენარჩუნება. შესაბამისად, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზით და ეს გზა არსებობს - სერიოზული ინექციის შეშვება ბიზნესში. კერძო ბიზნესში, რომელიც ასაქმებს 350 000 ადამიანს საქართველოში და ავსებს მთელი ქვეყნის ბიუჯეტს. შესაბამისად, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის სოციალური პაკეტი, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” ორიენტირებულია მომავალ არჩევნებზე და არა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე.

„მთავრობის პროგრამაში არაფერია ნათქვამი, თუ როგორ უნდა ამუშავდეს ეკონომიკა. შეიძლება, ფრაგმენტულად ვიღაცამ ნეპოტიზმით და ჩაწყობით თავისი გზა იპოვოს, მაგრამ ეს არ იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოსავლის გეგმა. მთავრობამ განაცხადა, რომ 6 თვის მერე მოგვახსენებენ პროკრიზისულ ღონისძიებებს, როცა არჩევნებს მოიგებენ. ასეთი იმედი აქვთ მათ და უკვე არჩევნებზე ფიქრობენ, რაც ძალიან ცუდია. არ ჩანს მომავალი განვითარება და დღეს არ ვიცით, შემოსავლების თუნდაც ის 20 პროცენტი, რომელიც ტურიზმიდან შემოდიოდა, როგორ უნდა გადალაგდეს სხვა ინდუსტრიებზე, თეორიის და სახელის დონეზე მაინც”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მან სოფლის მეურნეობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი პრიორიტეტი.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, საოცარი რამ მოვისმინეთ. ერთ-ერთ მინისტრს დაავალეს და უთხრეს, რომ 3 წლის განმავლობაში მიწების აღრიცხვა და რეგისტრაცია გააკეთეთო. 8 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ მიწები აღერიცხათ. დღეს მიწების აღრიცხვის დრო არ არის, ერთი თვე დარჩა სახნავ-სათესი პერიოდისთვის. დღეს დილიდან საღამომდე ტრაქტორები უნდა მუშაობდეს. ჩვენ ამისთვის მილიარდი ლარი გამოვყავით, რომელიც ასევე არსებობს შიდა რესურსში. ყველაზე უნდა გადანაწილებულიყო ტექნიკური საშუალებები, ხვნა-თესვა, სათესლე მიწოდება და ასე შემდეგ. ყველა ქვეყანამ ჩვენ გარშემო გაამკაცრა სურსათ-სანოვაგის საექსპორტო პოლიტიკა, იმიტომ, რომ ეს არის სტრატეგია. მომავალი ძალიან მძიმეა. ჩვენ სამ ეტაპად დავყავით ჩვენი ხედვა - ჯანმრთელობა, ეკონომიკა და ეკონომიკაში ცალკე გამოვყავით სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი პრიორიტეტი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ინიციატივები გააჟღერა. როგორც პრემიერმა გეგმის წარდგენისას განაცხადა, ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის დახმარებაა გათვალისწინებული, მათ შორის მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 1200 - თვეში 200 ლარით დაეხმარება, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს კი, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარს ჩაურიცხავს. გარდა ამისა, სახელმწიფო 600 ლარს გადაუხდის მრავალშვილიან და იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. 600-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებიც აღნიშნულ დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულია ასევე 2021 წლიდან პენსიის ზრდა, რომელიც ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერებისთვის 25 ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ბიზნესის დახმარებასაც გულისხმობს. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მეწარმეების დახმარების მიზნით, ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი.ასევე, მისი თქმით, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა