ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„მინდა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ქვემო ქართლში, კახეთში, აჭარასა თუ დედაქალაქში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გულითადად მოგილოცოთ წმინდა რამაზანის თვის დაწყება. დაე, ეს თვე თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ყოფილიყოს სიკეთის, მხნეობისა და სიძლიერის მომტანი, რაც ახლა განსაკუთრებით გვჭირდება, ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო ცდილობს COVID-19-ის ურთულეს გამოწვევას გაუმკლავდეს. ახლა მხოლოდ ერთობით, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით, ახალი რეალობისა და საფრთხეების სწორად შეფასებითა და შესაბამისი მოქმედებებით თითოეული მოქალაქის მხრიდან, შევძლებთ ეს რთული გამოწვევა წარმატებით გადავლახოთ,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვას, და ამასთან ის სოციალურ-ეკონომიკური ფონი შეამსუბუქოს, რაც არსებულ ვითარებაში გარდაუვლად იქმნება მთელს მსოფლიოში და გამონაკლისი არც საქართველოა. ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას დღესასწაულების აღნიშვნისას გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე და წარმატებით დავაბრუნოთ შეუქცევადი განვითარების გზაზე. ამაში კი, ყველა ჩვენი მოქალაქის, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ჩართულობისა და თანამშრომლობის, მოთმინებისა და სიბრძნის დიდი იმედი გვაქვს. სწორედ ამიტომ, მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა გამოიჩინეს და რელიგიური და სახალხო დღესასწაულები კორონავირუსის პანდემიის პირობებში განსხვავებულად, სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული რეგულაციებთან თანხვედრაში აღნიშნეს.კიდევ ერთხელ, თითოეულ მუსლიმ თანამოქალაქეს, ოჯახს, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, სიკეთე და კეთილდღეობა, და რაც მთავარია, ამ დიდ გამოწვევასთან მალე გამკლავება” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მუსლიმები ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. წმინდა რამაზანის მარხვა ერთ თვეს გაგრძელდება და იგი სამდღიანი ბაირამით დასრულდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს