არ შეიძლება ასე საუბარი ამ სათნო, ჭკვიან, კარგ ექიმზე, როგორიც მარინა ეზუგბაიაა, დამერწმუნეთ. დავინდოთ ერთმანეთი. მას მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან, - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შესახებ „ფეისბუკ ლაივზე" დასმულ კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საუკეთესო თანამშრომლობაა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოს შორის.
„მე მინდა, რომ დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა ქალბატონი მარინას მიმართ, რომელსაც მე ვიცნობ ათეული წლებია და ბევრი პერიპეტიები გაგვივლია ჩვენ ერთად. საუკეთესო თანამშრომლობაა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოს შორის, ბატონი თენგიზი, მე, ხათუნა, პაატა, დღეში 10 ზარი ერთმანეთშია. არ შეიძლება ასე საუბარი ამ სათნო, ჭკვიან, კარგ ექიმზე დამერწმუნეთ. დავინდოთ ერთმანეთი, მას მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან, იმიტომ, რომ ის ყოველდღიურად უვლის 10-ობით ინფიცირებულ ავადმყოფს და უვლის კარგად. ხომ ხედავთ, რომ კარგად უვლიან?! თქვა, იგულისხმა, რომ ვაფართოებთ ტესტირებას, კარგია და ამას მეც გიდასტურებთ, რომ ვაფართოებთ მიზნობრივ ტესტირებას. თუ ვინმე ეცდება ჩემს სიტყვებში ეჭვის შეტანას, სად დავიფიცო მითხარით და დავიფიცებ. ნამდვილად ასეა. არ შემოვალ პოლიტიკურ დისკუსიებში, დღეს ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, საქართველო გამოვიდეს ნაკლები დაზიანებით ამ პანდემიიდან და ეპიდემიიდან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.