ამირან გამყრელიძე - დავანებოთ თავი ამ ტესტებით სპეკულაციას, თითქოს ჩვენი ტესტები დაბალი ხარისხისაა - ნუ დაგვაბრალებთ იმას, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებთ

დამერწმუნეთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის, თავის ქება კიტრად არ ღირსო, მაღალი დონის დაწესებულება, არ იკადრებს არც გაყალბებას ციფრის და არც იმას, რომ ადამიანებს მოემსახუროს დაბალი ხარისხით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ცენტრის სტანდარტი.

„ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ჩვენი ცენტრის ნაწილია, რამდენჯერმე არის აკრედიტირებული. ხშირად ვიმეორებ, რომ რესპირაციული ვირუსების ლაბორატორია ყოველწლიურად გადის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას”, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ძალიან მაღალი ხარისხის გერმანული, სამხრეთ კორეული, ბრიტანული და ასევე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჩინეთისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ტესტებია.

გამყრელიძე ყველას მოუწოდებს, ტესტებზე სპეკულაციისგან თავი შეიკავოს.

„ძალიან ვთხოვ ყველას, ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ, ნებისმიერ კითხვაზე, ერთადერთი დავანებოთ თავი ამ ტესტებით სპეკულაციას, თითქოს ჩვენი ტესტები დაბალი ხარისხისა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე კოლეგებსაც მიმართავს.

„გამგებმა კარგად გაიგოს, ნუ დაგვაბრალებთ იმას, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებთ. მე კი არა, აი, ის კოლექტივი, ვინც ჩემს უკან დგას, უზარმაზარი კოლექტივი ადამიანებისა, დღე და ღამე მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო ნაკლები დაზიანებით გამოვიდეს ამ პანდემიიდან და კერძოდ, ეპიდემიიდან. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ მეტი კოლეგიალობისკენ, მეტი სოლიდარობისკენ, მეტი თანამშრომლობისკენ. მზად ვართ, ღიად ვითანამშრომლოთ ნებისმიერ საკითხზე, კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო”, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა