საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი პრაღიდან განხორციელდება

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს ჩარტერული რეისი პრაღიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდება.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული რეისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან: ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთსა და ავსტრიიდან. მგზავრთა შორის სტუდენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოპაციენტები და კორონავირუსის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები არიან.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და ა.შ.

სამინისტროს ცნობით, 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9,212 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 5 მაისი - ათენი-თბილისი; 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი