საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე „Stop Covid“ სტატია არაერთ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ აპლიკაციებზე ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საფრანგეთში მსგავსი აპლიკაციის გაშვება დაანონსდა.
„გამოცემა Zdnet.fr-ის ინფორმაციით, „Stop Covid“ აპლიკაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნა ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაცია Novid20-თან და კომპანია Dolphin Technologies-თან თანამშრომლობით. ის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ფრანგული აპლიკაცია იმუშავებს - თითოეულ მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ იდენტიფიკატორს და ინფორმაციას დაშიფრული სახით, ინახავს მათივე მობილურ ტელეფონში. თუმცა გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფრანგულისგან განსხვავებით ქართული „Stop Covid“ აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაცია გასცენ. ფრანგებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია წესით 11 მაისიდან გახდება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნულია სტატიებთან დაკავშირებით უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოცემა, აპლიკაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების ნაწილსაც აქვეყნებს.
„აპლიკაცია არის ძალიან ზუსტი და მარტივი გამოსაყენებლად, იგი დაგვეხმარება გაცილებით უფრო სწრაფი რეაგირების განხორციელებაში. ჩვენ გვსურს პაციენტების არსებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით უზრუნველყოფა და შესაბამისად დაავადებასთან, ყველა არსებული შესაძლებლობებით, ბრძოლა“, - აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.