ლიბანური „ჰესბოლას“ ლიდერი სეიდი ჰასან ნასრულა გერმანიას მისი რადიკალური სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის გამო აკრიტიკებს. ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით, გერმანიამ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ზეწოლით მიიღო.
„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გამოხატავს გერმანიის დაქვემდებარებას ამერიკის მიმართ და სურვილს, ასიამოვნოს ისრაელი“, - განაცხადა ნასრულამ სატელევიზიო მიმართვისას. მან აქვე აღნიშნა, რომ გერმანიაში აქტივობები არ ჰქონია.
„როდესაც ვამბობთ, რომ არ ვართ გერმანიაში აქტიურნი, ამაში 100%-ით გულწრფელი ვართ“, - განაცხადა „ჰესბოლას“ ლიდერმა.
მან დაგმო გერმანიის ხელისუფლების ქმედებები ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მეჩეთებსა და ასოციაციებში რეიდების ჩატარების გამო და აღნიშნა, რომ „ასეთი ბარბაროსული ქმედებების საჭიროება არ იყო“.
ნასრულამ ასევე აღნიშნა, რომ მას მოლოდინი აქვს, ევროკავშირის კიდევ ბევრი ქვეყანა მიბაძავს გერმანიის მაგალითს მიუხედავად იმისა, რომ მისმა მოძრაობამ მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი ევროპაში, აქტივობები შეაჩერა.
„ჰესბოლა“ 1982 წელს შეიქმნა ლიბანის სამოქალაქო ომის დროს. ის აშშ-მა და ისრაელმა დიდი ხანია ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადეს და მოკავშირეებს მოუწოდებენ, მათი მაგალითი აიღონ.
შეგახსენებთ, გერმანიამ „ჰესბოლა“ შიიტურ ტერორისტულ ორგანიზაციად ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და ქვეყანაში მისი საქმიანობა აკრძალა. გერმანიის უშიშროების სამსახურებმა ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მეჩეთებსა და ასოციაციებში რეიდებიც კი მოაწყეს. ამ დრომდე გერმანია ორგანიზაციის მხოლოდ სამხედრო ფრთას კრძალავდა, ხოლო პოლიტიკური განშტოების მიმართ შემწყნარებლობას იჩენდა.