ჯანდაცვის მინისტრი - მნიშვნელოვანია, სასწრაფოს გამოძახებისას ზუსტად ავსახოთ ჩივილები და თუ ეჭვი გვაქვს, რომ კოვიდინფიცირებული ვართ, ეს დავაფიქსიროთ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც მედპერსონალს დღევანდელ რეალობაში აქვს.

მათი ინფორმაციით, მთავარ გამოწვევად პაციენტის მხრიდან ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების დამალვა დასახელდა.

ექიმების თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მათთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდებათ გამოძახებაზე. შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 112-ში ზარის განხორციელებისას მნიშვნელოვანია, ზუსტად ავსახოთ ჩივილები და დავაფიქსიროთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფიცირებული.

„იკვეთება ფაქტორები, როდესაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება მისამართზე მისვლა იმ იდენტიფიცირებით, რომელიც აუცილებლად საჭიროა ზარის განხორციელების მომენტში მოხდეს. მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის განხორციელებისას გავითვალისწინოთ ეს და ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც გვაქვს და უნდა დავაფიქსიროთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფექციით დაავადებული და თუ გვაქვს სიცხე. ასეთ შემთხვევაში, ეკიპაჟი მოახდენს სრულ აღჭურვას და მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ. ჩვენი ექიმების მხრიდან დაფიქსირდა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მათთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდებათ და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში როგორც სამინისტრომ, ასევე 112-მა გავაუმჯობესოთ ქმედებები და მეტად დეტალურად გამოვკითხოთ ჩვენი პოტენციური პაციენტები. ასევე, მნიშვნელოვანია პაციენტების გახსნილობა, რათა დავეხმაროთ მათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე მიდის შესაბამისი აღჭურვილობით, ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში კი ექიმები იყენებენ სპეცეკიპირებას. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პაციენტმა, სასწრაფოს გამოძახებისას სრულყოფილად დააფიქსიროს სიმპტომები.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა