თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID 19-ით პაციენტის სამკურნალოდ, რამაც აჩვენა, რომ ის შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს

საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID 19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID 19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ, მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე საქართველოში COVID 19-ის დროს პლაზმაფერეზის წარმატებული გამოყენების შემთხვევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID 19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტებისა და ახალი სამკურნალო მიდგომების დასადგენად. მათ შორის ერთ-ერთი მიდგომაა პაციენტის სისხლში ციტოკინების და სხვა ანთებითი მედიატორების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას პლაზმაფერეზის და/ან ექსტრაკორპორული „სისხლის გაწმენდის“ საშუალებით სხვადასხვა ფილტრებისა და სორბენტების გამოყენებით.

„აღნიშნული ციტოკინები და ანთების მედიატორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ COVID 19-ის პათოგენეზში, ხშირად განაპირობებენ დაავადების სიმძიმეს და ზოგჯერ ლეტალურ გამოსავალსაც. შესაბამისად, სისხლში მათი რაოდენობის შემცირება ერთ-ერთ პერსპექტულ მიდგომად ითვლება COVID 19-ის მკურნალობაში.

ა.წ. 10 აპრილს, აშშ FDA-იმ გასცა ნებართვა ე.წ. „ექსტრაკორპორული სისხლის გაწმენდის“ მეთოდების გამოყენებაზე 18 წელზე მეტი ასაკის მქონე COVID 19-ით მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც მოთავსებულნი არიან ინტენსიური თერაპიის ბლოკში.

ავადმყოფი - კ.ა. მამაკაცი, 60 წლის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში შემოვიდა COVID 19-ის დიაგნოზით ა.წ. 1 აპრილს. შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, ძლიერი ადინამია, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა. რადიოლოგიურად დაფიქსირდა ორმხრივი ფილტვების ანთება და რიგი სერიოზული გადახრები ლაბორატორიული კვლევებით. პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ჰიდროქსიქლოროქინით(პლაქვენილით), ანტიბიოტიკებით, ფრაქსიპარინით და სხვ. მკურნალობის პროცესში ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და სხვ. სისხლის და ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევით ბაქტერიული კულტურის ზრდა არ დაფიქსირდა. სისხლში ინტერლეიკინ - 6-ის მაჩვენებელი - 47 pg/mL (N <7 pg/mL). ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ჩაითვალა, რომ პაციენტის დამძიმების მიზეზი იყო ე.წ. „ციტოკინური შტორმი“.

ა.წ. 13 აპრილს ავადმყოფს ჩაუტარდა პლაზმაფერეზის პროცედურა. მარჯვენა იდაყვის ვენის მიდგომით მოშორდა 2 ლ-მდე მომწვანო ფერის პლაზმა. ჩანაცვლება მოხდა ახლად გაყინული პლაზმით და ალბუმინის ადეკვატური რაოდენობით. პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ. თუმცა ამ უკანასკნელების სრული ნორმალიზება არ მომხდარა. ა.წ. 18 აპრილს გაკეთდა პლაზმაფერეზის მე-2 პროცედურა, რის შემდეგაც ავადმყოფის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ინტერლეიკინ - 6-ის მაჩვენებელი შემცირდა 4,75 pg/mL-მდე. მოხდა სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზება და ა.წ. 26 აპრილიდან მას არანაირი კლინიკური სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა. ა.წ. 1 და 2 მაისს 24 საათის ინტერვალით ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალაში SARS-CoV-2-ის რნმ-ზე პჯრ კვლევით მიღებულ იქნა უარყოფითი შედეგი, რის შემდეგაც პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გაჯანმრთელებულ მდგომარეობაში.

აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID 19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID 19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“ , - განაცხადა ცერცვაძემ.

კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
თენგიზ ფხალაძე - ბაიდენის ადმინისტრაცია „იალტისთვის“ არ ემზადება, ვაშინგტონში კარგად იციან რას მოასწავებს მსოფლიოსთვის რუსეთთან გავლენის სფეროებზე დათანხმება და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისთვის კარტ-ბლანშის მიცემა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2021
ვაჟა ბერიძე - პრობლემა გახარია არაა, პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე  და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე
მამუკა გონგაძე -  საერთაშორისო  ჩართულობა სიმბოლოების რეფორმას გვიადვილებს
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი - საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა