ნავთობისა და გაზის კორპორაცია - „ფრონტერა“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებით, „ფრონტერა“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ აღძრულ დავასთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების გამოტანისა და სააგენტოს მიერ მითითებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ფრონტერას მხრიდან გახშირდა საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებისაკენ მიმართული საჯარო განცხადებები. სააგენტო და კორპორაცია „ფრონტერასგან“ ელოდებიან ამ ტიპის განცხადებების ინტესივობის გაზრდას და წმინდა კომერციული დავის პოლიტიზირების მცდელობების გაგრძელებას, რაც ქართულ მხარეზე არაკეთილსინდისიერი ზეწოლის განხორციელებასა და დაინტერესებული პირების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით სააგენტომ და კორპორაციამ ფრონტერას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროება შესთავაზეს, რაზედაც კომპანიამ უარი განაცხადა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს „ფრონტერას“ შესაბამის ვალდებულებებს, როგორც ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ნაწილში და არ შეიძლება დისკუსიის საგანს წარმოადგენდეს. „ფრონტერას“ მცდელობის მიუხედავად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა კორპორაციისა და სააგენტოს პოზიცია, რომ „ფრონტერას“ განცხადებები ნავთობისა და გაზის მოცულობების აღმოჩენის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დასტურდება. ტრიბუნალმა არალეგიტიმურად სცნო ფრონტერას მიერ ხელშეკრულების მის აფილირებულ კომპანია „ფრონტერა აშშ“-ზე გადაცემის მცდელობაც.

საარბიტრაჟო პრეტენზიები, რომელიც კორპორაციისა და სააგენტოს მიერ იყო აღძრული, არ შეიცავდა მოთხოვნას საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. ასეთი მოთხოვნა ვერ იქნებოდა წამოყენებული, რადგან კონტრაქტის შეწყვეტისათვის აუცილებელია საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ არსებითი დარღვევის ფაქტის დადასტურება. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ცალსახად დაადგინა ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის არსებითი დარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც, სააგენტომ კონტრაქტის შესაბამისი ნორმის საფუძველზე წარუდგინა ფრონტერას შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ.

სააგენტოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება. „ფრონტერა“ ვალდებულია, გამოიყენოს განსაზღვრული 90 დღე კონტრაქტის შეწყვეტისა და სალიცენზიო ბლოკის დაბრუნებისთვის საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, მათ შორის მძიმე გარემოსდაცვითი მდგომარეობის გამოსასწორებლად. სააგენტო და კორპორაცია ფრონტერასთან პოლემიკის გაგრძელებას აღარ აპირებენ და კონტრაქტით გათვალისწინებულ შესაბამის პროცედურებს მიჰყვებიან“, - ნათქვამია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ