საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სავალდებულო PCR ტესტირებას დაახლოებით 25 000 ადამიანი გაივლის. ამის შესახებ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სავალდებულო ტესტირების პრიორიტეტულ ჯგუფში არიან ხანდაზმულთა საცხოვრებლებში მყოფი პირები, ასევე, ფსიქიატრიული დაწესებულებების ბენეფიციარები და მედპერსონალი, რომელთა რაოდენობა 2000 ადამიანს აღემატება.
რაც შეეხება კარანტინში მყოფ პირებს, თამარ გაბუნიას განმარტებით, მათ საკარანტინე სივრცეში ყოფნის მე-13 დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება.
„ჩვენ დღეს გამოვეცით და დასრულდა უკვე მინისტრის ახალი წარმოების ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო PCR ტესტირებისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებს. ამაში შედის ხანდაზმულთა საცხოვრებლები, ასევე ფსიქიატრიული დაწესებულებები, მისი ბენეფიციარები და სამედიცინო პერსონალი. ჯამში, ამ პირების რაოდენობა 2000-ს აღემატება.ამას ემატება ასევე სხვა სამედიცინო პერსონალი ყველგან და რიგი სხვა ჯგუფები. კარანტინში მყოფი პირები, რომლებიც მე-13 დღეს იქნებიან შემოწმებულნი იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ კარანტინის პერიოდი 14 დღეს გრძელდება და მე-15 დღეს ეს პირები ტოვებენ საკარანტინე სივრცეს, მათი შემოწმება მოხდება მე-13 დღეს. ჯამურად, ეს კონტიგენტი, აღწევს დაახლოებით , 25 000 ადამიანს და ორ კვირაში ერთხელ უკვე PCR ტესტირებით მოხდება ამ პირთა შემოწმება იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალური სიზუსტე დიაგნოსტიკაში და იმ პირთა გამოვლენაში, ვინც ექვემდებარება მაღალ რისკს ინფექციისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.