სერგი კაპანაძე - მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას, ჯობია, რომ არსებული ვალდებულება შეასრულონ, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა პასუხისმგებლობას დააკისრებს „ქართულ ოცნებას“

მოსახლეობისთვის მორიგჯერ თვალში ნაცრის შეყრას, ჯობია, არსებული ვალდებულება შეასრულონ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეთანხმება საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ერთ პაკეტშია და თუ ხელისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს, შეთანხმებას ჩააგდებს.

„სრულიად გაუგებარია, ოპოზიციის რა პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს ბატონი თალაკვაძე, იმიტომ, რომ სიტუაცია არის ძალიან ნათელი. შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული იქნა ორ რამეზე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ საარჩევნო სისტემას დავუჭირეთ მხარი და მზად ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მხარი დავუჭიროთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ერთ პაკეტში. თუ ისინი არ გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, აშშ-სა და სხვა მეგობრების მხრიდან, ამ შემთხვევაში ისინი ჩააგდებენ ამ შეთანხმებას, ძალიან მარტივია ყველაფერი.

მოსახლეობისთვის მორიგჯერ თვალში ნაცრის შეყრას, ჯობია, რომ არსებული ვალდებულება შეასრულონ. გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, ამის შემდეგ მოხდება პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ნორმალურ საარჩევნო პერიოდზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უდავოდ, ყველა პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონ თალაკვაძეს, „ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში, ბატონ ივანიშვილს“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის იმ წერილს, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. საპასუხო წერილში თალაკვაძე წერს, რომ „აღნიშნულ შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ გულწრფელად მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის. არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი“.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა