კახა კალაძე - 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტიისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანია და თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, კალაძე ამბობს, რომ ეს საკითხი 8 მარტის შეთანხმებაში არ ყოფილა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, ჩვენი პარტია არის სრულ მზადყოფნაში, რომ ყველა იმ შეთანხმების აღსრულება მოხდეს, რომელიც იყო 8 მარტის ხელშეკრულებაში, ეს არის საჯარო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება და უკლებლივ ჩვენი გუნდის თითოეული წარმომადგენელი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო ამ შეთანხმებში.

მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს, იმიტომ, რომ არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ფასილიტაციის და ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და მგონი, ადამიანები კარგად გააკეთებენ ანალიზს, თუ რატომ უნდა ოპოზიციას ამის ჩავარდნა და რატომ უნდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ და ვერ განხორციელდეს.

ყველა ხვდება მათ დღევანდელი მდგომარეობას, სად იმყოფებიან ისინი და რა თქმა უნდა, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რადიკალურები იყვნენ.

8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა და ეს ტექსტშიც არის ასახული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს წაიკითხოს და მოისმინოს ასევე ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. შეთანხმება ხომ ის არის, როდესაც ადამიანები რაღაცაზე თანხმდებიან, ის უნდა იყოს შესრულებადი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებდით ისეთ პასუხისმგებლობას, რისი კომპეტენციაც ჩვენ არ გვქონდა“,- განაცხადა კალაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს