დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენციაა.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის საჭიროებას, როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის და ზოგადი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მიიღებენ.
„ქვეყანა მიდის იმ გეგმით, რაც მთავრობის მიერ არის წარდგენილი - 6 - ეტაპიანი შემსუბუქების გეგმით. ზოგიერთი შემსუბუქების ღონიძიებები უფრო სწრაფად ხდება, რადგან ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას, ეს გახლავთ საკოორდინაციო საბჭოს და შემდგომ უკვე პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის პრეროგატივა, რადგან საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე. საკოორდინაციო საბჭოზე, ეპიდსიტუაციის და ზოგადი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, მოხდება ამ საკითხის დეტალურად განხილვა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ. კიდევ ხაზს ვუსვამ, დღევანდელ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია,“- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
„დღეს ჩვენ ვართ უკვე შიდა გავრცელებიდან მე-8 კვირაში, ატყობთ ალბათ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი იკლებს, სერიოზულად იზრდება ტესტირებულ ადამიანთა რაოდენობა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს დაახლოებით 1500 ტესტირება ყოველდღიურად - სხვადასხვა ადამიანების pcr გამოკვლევა. ქვეყანაში pcr ტესტირების არეალი სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ამის მიუხედავად, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაღმავალია. ამ ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს და არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ კოვიდ 19 დავამარცხეთ,“- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, როგორც მეცნიერები პროგნოზირებენ, ზაფხულის პერიოდი მშვიდი იქნება, მაგრამ აუცილებელია ქვეყანა მოემზადოს იმისთვის, რომ შემოდგომის მიწურულს ორი ინფექციის ზედდება არ მოხდეს.
„ზაფხულში ჩვენ სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, რომ შემოდგომის მიწურულიდან, როცა რესპირაციული ინფექციები მწვავდება, არ იყოს ზედდება და ამას პროგნოზირებენ, რომ ამის ალბათობა არსებობს - კოვიდის შემდგომი ტალღის და გრიპის ერთად. ამიტომ უნდა იყოს მზადყოფნა, რომ თუ იყო მეორე ტალღა, ადეკვატურად უპასუხოს ქვეყანამ,“- განაცხადა გამყრელიძემ.