დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, როდესაც COVID19-ის პრევენციის მიზნით როგორც ჯანმრთელ, ისე დაავადებულ ადამიანს უკეთია პირბადე, ეს დაინფიცირების რისკს თითქმის 95%-ით ამცირებს.
ამით პაატა იმნაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას დასმულ კითხვას უპასუხა, ეფექტური და რეკომენდირებულია თუ არა ჯანმრთელი ადამიანის მიერ პირბადის გამოყენება.
„ჩვენ მართლაც ვამბობდით იმას, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ნაკლებად იყო რეკომენდირებული პირბადის ტარება და ხაზს ვუსვამდით იმას, რომ უნდა ატაროს მხოლოდ ავადმყოფმა ადამიანმა, მაგრამ როდესაც ჩატარდა სათანადო, ძალიან სერიოზული კვლევები აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, აღმოჩნდა, რომ თუ ავადმყოფს საზოგადოებაში ყონისას უკეთია ნიღაბი და მოგეხსენებათ, რომ ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგი თვისებაა ის, რომ ადამიანს აქვს მინიმალური სიმპტომები, რასაც თვითონაც კი ვერ იხსენებს ხოლმე, თუ კარგად არ ჩაეკითხე, როდესაც ასეთ ადამიანს გარეთ გამოსვლის დროს უკეთია ნიღაბი ეს 70%-ზე მეტ გარანტიას იძლევა იმაზე, რომ ამ ინფექციას ვერ გაავრცელებს. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ამავე დროს ჯანმრთელსაც უკეთია ნიღაბი, მაშინ ეს თითქმის 95%-მდე დაცვაა. ანუ თუ თვითონ ჯანმრთელებს გვიკეთია ნიაღაბი, ეს დაახლოებით 30%-ით ამცირებს ჩვენი დაინფიცირების რიცხვს. თუ ნიღაბი უკეთია ავადმყოფს, ეს 70%-ით ამცირებს სხვების დაინფიცირების რიცხვს, მაგრამ თუ ორივეს უკეთია, თითქმის 95%-ით ამცირებს დაინფიცირების რისკს.
სხვათაშორის, სამედიცინო ნიღაბზე ახლაც არ ვამბობ, რომ საჭიროა. საყოფაცხოვრებო, ე.წ. დანიშნულების ნიღაბი სრულიად საკმარისია ამ მიზნებისთვის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, როდესაც ნიღაბს ყოველ ორწუთში გარედან ხელით ეხება ადამიანი, შემდეგ კი შესაძლოა იგივე ხელი სხეულზე მიიდოს, ამ დროს ინფიცირების რისკი შესაძლოა გაიზარდოს. ამიტომ, როგორც იმნაძემ განმარტა, ნიღაბი შესაბამისი წესების დაცვით უნდა გვეკეთოს.