სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტნიორები დაინტერესებული არიან 8 მარტის ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებით

კონგრესმენი ადამ კიზინგერი ელოდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიიჩნევს 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კონგრესმენ კიზინგერის განცხადება შეაფასა.

კაპანაძის თქმით, პარტნიორები დაინტრესებულები არიან 8 მარტის ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებით.

"იგივე გზავნილები ჩვენ, ასევე სხვა პარტნიორების მხრიდანაც მოვისმინეთ, მათ შორის სენატორების მხრიდანაც. იგივე გზავნილები ჰქონდა საქართველოში აშშ-ს ელჩს. ჩვენ მადლიერები ვართ პარტნიორების, იმ წვლილისათვის, რომელიც მათ ქვეყნის განვითარებაში შეაქვთ და კონკრეტულად 8 მარტის ხელშეკრულების შესრულებაში. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულდება "ქართული ოცნების" მხრიდან და პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუაც გათავისუფლდება. მერე უკვე ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვიზრუნებთ იმაზე, რომ არჩევნების წინ ვითარება იყოს ნორმალური და ნაკლებ პოლარიზებული. ჩვენ ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეს იქნება აშშ და ევროპარლამენტი, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. ისინი პირდაპირ ახსენებენ პოლიტპატიმრებს, პირდაპირ ახსენებენ გიორგი რურუას. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისადმი. შესაბამოსად, ამ თემების განხილვა გაგრძელდება არამარტო განცხადებებში, ასევე იქნება ეს კომიტეტებში თუ სხვა. მოსალოდნელია, რომ ამ თემით დაინტერესება არ მინელდება. პირიქით, "ქართული ოცნების" მიერ ამ შეთანხმების შესრულება იქნება ერთერთი ტესტი მათი დამოკიდებულებისა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ", - განაცხადა კაპანაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს