ანა დოლიძე მოსახლეობას მანიფესტით მიმართავს და მათ ახალ მოძრაობაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს

იურისტი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში მანიფესტს აქვეყნებს და ხალხს ახალ მოძრაობაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ახალი მოძრაობა დღეს დაფუძნდება.

მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ: „მანიფესტი ხალხისთვის სად ვართ და რას ვაკეთებთ 21-ე საუკუნის ქართველი ხალხი? რატომ ჩავრჩით მესამე რიგის ქვეყნებში და რატომ ვერ ვაღწევთ თავს ამ ჭაობიდან? სად გაქრა იდეალები, რომლითაც დავამსხვრიეთ საბჭოთა იმპერია და მუხტი, რითაც დავიწყეთ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს შენება? უდიდესი საფრთხეა დღეს, რომ ჩაკვდეს ჩვენი მთავარი ღირებულება - საკუთარი თავის რწმენა, მუხტი თავისუფლებისთვის ბრძოლის, იმედი, რომ შეგვიძლია შეცვლა და ჩვენი მიზნების შესრულება. შედეგად, ვიღებთ „ჩაკლულ სულებს“, რომლის მართვა გაცილებით იოლია. 21-ე საუკუნეშიც ისევ თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ისევ, სიღარიბეს ვებრძვით, ისევ სამართლიანობას ვეძებთ და შევნატრით მშვიდ ცხოვრებას.

პოლიტიკა

  1. ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შეპყრობილია მარადიული მმართველობის იდეით და პოლარიზაციის სურვილით!
  2. ამის გამო ვკარგავთ განვითარების ყოველ წამს და დღეს, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ყოველდღიურად მიდიოდეს წინ, ჩვენ გავჩერდით დროში, ერთ ადგილზე. არადა ენერგიას ყოველ დღე უნდა ვხარჯავდეთ ქვეყნის და ხალხის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად გადაჭრისთვის.
  3. პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი გამორიცხავს გონივრულ დღის წესრიგზე შეთანხმების შესაძლებლობას და შემდეგ ამ დღის წესრიგით სვლას მომავალში. პოლიტიკური ბულინგი ნორმაა.
  4. პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი ღუპავს ქვეყნის განვითარებას!

სახელმწიფო

  1. ჩატეხილია ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის!
  2. ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, არ მისდევს საზოგადოებრივ ტკივილს და მათი პრობლემების დღის წესრიგს. ქვეყანაში გამეფებულია კლანური მმართველობა, შერჩევითი სამართალი და დაუსჯელობის სინდრომი.
  3. ხელისუფლებას არ აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და სტრატეგია!
  4. მთავრობას არ აქვს გააზრებული და წარმოდგენილი, როგორ და რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს და განავითაროს საქართველო. ჩვენი სახელმწიფო ჩამორჩება მსოფლიოს პროგრესული ქვეყნების განვითარების ტემპს. პოსტ COVID-19 -ის ეპოქაში, როდესაც განვითარებული მსოფლიო მიისწრაფის ტექნოლოგიური რეაქტიული წინსვლისთვის, ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს წყლის პრობლემა აქვს.
  5. არ გვაქვს პროგრესი მშვიდობისა და გაერთიანების მიმართულებით.
  6. ქვეყანა იმართება პროექტიდან პროექტამდე - კერძო ინტერესებით. ოლიგარქიულ მმართველობას ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და პასუხისმგებლობის გარეშე ქვეყანა მიჰყავს რბილი ავტორიტარიზმისკენ.
  7. რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან საკითხებზე იღებენ არაკომპეტენტური პირები, რომლებიც თანამდებობებზე მოხვდნენ ნაცნობობით, ინტერესების ლობირებით და არა კომპეტენციისა და დამსახურების გამო.
  8. სახელმწიფო გადაიქცა მზარდი ნეპოტიზმის და კორუფციის კერად, რაც მოტივაციას უკარგავს თავდადებულ და პატრიოტ საჯარო მოხელეებს.
  9. იმის მაგივრად, რომ საქართველო ვითარდებოდეს ყოველწლიურად, მიდიოდეს წინ, გლობალურ კონკურენციაში, ჩვენ ვართ სტაგნაციის მომსწრენი - რაც ნიშნავს აჩქარებულ დროში ჭაობში დარჩენას.

ეკონომიკური განვითარება

  1. რეალურად მიმდინარეობს არსებობისთვის ბრძოლა და არა ზრუნვა განვითარებაზე!
  2. მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში არ ჩანს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესი. ეკონომიკური ზრდა ჩვენს სახელმწიფოში ითარგმნება კაპიტალის ვიწრო წრეში კონცენტრაციაში.
  3. ეს არის მდიდრების გამდიდრების და ღარიბების გაღარიბების პოლიტიკა!
  4. ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ინაწილებენ საჯარო სიკეთეებს.
  5. არსებული სიკეთე რჩება ვიწრო წრეში. ძლიერდება მონოპოლიები. კლანურობა, კორუფცია, ბიუროკრატია, ცუდი მმართველობა კლავს კონკურენციას და ამუხრუჭებს განვითარებას. ეკონომიკური პოლიტიკა ვერ ქმნის პირობებს საქართველოში ძლიერი მეწარმეთა კლასის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც შექმნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
  6. საქართველო განწირულია მცირე ეკონომიკური ზრდისთვის!
  7. არადა, ჩვენ გვჭირდება ნახტომი ეკონომიკაში!
  8. ჩვენ არ გაქვს სოციალური პოლიტიკა, გვაქვს გადარჩენის პოლიტიკა!
  9. ჩვენი სოციალური დაცვის სისტემა ორიენტირებულია მოქალაქის დასჯაზე და არა წახალისებაზე, მოქალაქეების სიღარიბეში ჩატოვებაზე თაობიდან თაობამდე!
  10. საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, ახალგაზრდობა ჩაკეტილ წრეშია!
  11. საფრთხე ექმნება ჩვენი კულტურის მთავარსოციალურ ქსოვილს - ოჯახს: უიმედობით, ძალადობით, აზარტულ თამაშებზე და სხვა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებით, ემიგრაციით...
  12. მოხუცები არიან საპენსიო ვალებში და ძვირად ღირებული წამლების მოლოდინში.
  13. ქვეყანაში ბატონობს დაუცველობის შეგრძნება - დაუცველობა შიმშილისგან, ძალადობისგან, უსამართლობისგან!
  14. გვაქვს განცდა, რომ ვცხოვრობთ სიკვდილით სავსე ქალაქებში!
  15. გვაქვს შეგრძნება, რომ სახელმწიფო, რომელიც დაიცავს ხალხს, არ არსებობს!

ხალხი

  1. საზოგადოების განვითარება უფრო წინ არის, ვიდრე პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ელიტა!
  2. ხალხს არ აქვს სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნდობა. ხელისუფლების აპარატი დაცლილია სახელმწიფო აზროვნებისგან.
  3. უპასუხისმგებლო და კერძო ინტერესს მორგებული მმართველობა იწვევს ნიჰილიზმს, რაც დამღუპველია!
  4. საზოგადოებაში ყალიბდება განცდა უუნარობის - რწმენა, რომ არაფრის შეცვლა შეუძლია და არაფერი შეიცვლება.
  5. სინამდვილეში, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ჩვენ, როგორც მის მოქალაქეებს, გვაქვს უდიდესი პოტენციალი ვიცხოვროთ მშვიდად, კეთილდღეობაში, განვითარებული, ევროპული ქვეყნის სტანდარტებით და ამ პოტენციალს ვფლანგავთ.
  6. ხელისუფლებას არ ესმის საკუთარი ხალხის!

ჩვენ, მოქალაქეები, ვინც ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით სამართლიანობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ვერთიანდებით, რათა ერთად შევქმნათ სამართლიანი, პერსპექტიული გარემო, სადაც შევძლებთ საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზებას.

ჩვენი მიზანია ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის!

გავერთიანდეთ ერთიანი მიზნების გარშემო.

  1. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და დღის წესრიგს „პოლარიზაციის მიღმა“, სადაც თავისი სახელი დაერქმევა კარგსაც და ცუდსაც, სადაც გონივრულ საკითხებზე, ერთობლივი ღირებულებების ფარგლებში შესაძლებელი იქნება შეთანხმება; „...ისტების“ დრო უნდა დასრულდეს! - განსხვავებული აზრი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან პოლარიზაცია კლავს სახელმწიფოს განვითარებას.
  2. ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში, რაც იწვევს ქვეყნის საუკეთესო შესაძლებლობების გაფლანგვას.
  3. გადავდივართ საქმიან სახალხო დისკუსიაზე! ვიმოქმედებთ უკეთესი მომავლისთვის, რომელიც იქნება დაფუძნებული ღირებულებებზე, სახელმწიფო ინტერესებსა და ამოცანებზე და არა პიროვნულ თავდასხმებზე, შეურაცხყოფასა და ტროლებზე. საწორედ ამისთვის, შევქმნათ თანასწორობის სივრცე!
  4. ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს, სადაც ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მომავალზე - როგორი ქვეყანა გვინდა და სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები. ეს ქვეყანა ჩვენია!
  5. ჩვენ მოვიგებთ ომს შიმშილთან!
  6. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის ეკონომიკით და საქართველოს პოტენციალით შესაძლებელია ეკონომიკური ნახტომის გაკეთება და უახლოეს მომავალში მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებს შორის ყოფნა.
  7. ჩვენ შევქმნით სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას, სადაც მოქალაქეები იპოვიან სამართალს, ხოლო დამნაშავეები თანასწორად აგებენ პასუხს, სადაც გაქრება პრივილეგირებულ პირთა კასტა.
  8. ჩვენ დავტოვებთ კორუფციას და ნეპოტიზმს წარსულში და შევქმნით კარგ მმართველობას, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ.
  9. ჩვენ შევქმნით ქართულ კულტურულ ფასეულობებზე დამყარებულ ევროინტეგრაციის ამოცანებთან და სწრაფ განვითარებასთან თანხვედრ ქვეყანას.
  10. ერთად შევქმნათ სამართლიანი და ჯანსაღი გარემო, სადაც:
  • ლაღად იზრდებიან ბავშვები, რომელთა შესაძლებლობების რეალიზებისთვის შექმნილია ხელმისაწვდომი გარემო.
  • ჩვენი ახალგაზრდები ვითარდებიან მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებით და რჩებიან სამშობლოში საკუთარი ნიჭის და ენერგიის დასახარჯად. ერთად შევქმნათ მომავალი თაობის ოქროს რეზერვი, რომელიც წარმატებით განავითარებს ჩვენს ქვეყანას.
  • ხარობენ ოჯახები, რომელთა დაუღალავ შრომას მოაქვს კეთილდღეობა.
  • მეწარმეთა კლასი სარგებლობს ნაყოფიერი გარემოთი, რომ გაიმარჯვოს გლობალურ კონკურენციაში და შექმნას დოვლათი.
  • მოხუცებს დავაფასებთ და მივანიჭებთ უზრუნველ სიბერეს.
  1. ერთად შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის!
  2. შევქმნათ მუხტი და დავიბრუნოთ რწმენა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის!
  3. ჩვენ გაქვს გამოცდილება, რომ თითოეულ, თუნდაც ყველაზე პატარა ბრძოლას მოაქვს გამარჯვების და წინსვლის მუხტი. ჩვენ გვწამს - უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას აქვს აზრი!

შემოგვიერთდით, ერთად, სუფთა ხელებით შევქმნათ ახალი რეალობა!!!

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ვიყოთ არქაიზმის ტყვეობაში მყოფი პოლიტიკოსების იმედად.

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეების გარშემო, რომელიც უკეთეს ცხოვრებას არა არჩევნების შემდეგ, არამედ ყოველ დღე. ყოველ კვირა და ყოველ თვე მოგვიტანს.

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა ავიღოთ მის მომავალზე პასუხისმგებლობა.

თუ ეთანხმებით ამ მანიფესტს შემოგვიერთდით და ჩაერთეთ მოძრაობაში „ხალხისთვის“, - ნათქვამია მანიფესტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა