გიგი წერეთელი - თავდაჯერებულობა მთავრობის მეთაურს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამას საფუძველიც უნდა ჰქონდეს

თავდაჯერებულობა ნამდვილად ცუდი არ არის და ბუნებრივია, მთავრობის მეთაურს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამას საფუძველიც უნდა ჰქონდეს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლას.

როგორც წერეთელმა განმარტა, პრემიერისგან საზოგადოებაც და ოპოზიციაც ელოდება, რომ მან კონკრეტულად ისაუბროს იმ პროგრამებზე, რომელიც ადამიანების ყოფას გააუმჯობესებს.

„სამწუხაროდ, ყველაფრისთვის არ მისმენია, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა, თუმცა, მითხრეს, რომ საკმაოდ აგრესიული ტონით გამოვიდა. თავდაჯერებულობა ნამდვილად ცუდი არ არის და ბუნებრივია, მთავრობის მეთაურს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამას საფუძველიც უნდა ჰქონდეს. როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე და მათ შორის თქვენც, რომ ორ ფრონტზე არის ბრძოლა, ეს არის ჯანდაცვის ნაწილი და მეორე ეს არის ეკონომიკური ნაწილი. პირველ ნაწილში ჩვენ იმ ადამიანებს მადლობას ყოველთვის ვეუბნებით, ვინც აქტიურად იმუშავა დ ვინც წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს არ გვაქვს ვირუსის დიდი გავრცელება. მეორე ნაწილში მე არ ვფიქრობ, რომ რამე სატრაბახოა, პირიქით, ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა ძალიან მძიმე ვითარებაშია ჩავარდნილი. პრემიერისგან საზოგადოებაც და ოპოზიციაც ელოდება იმას, რომ მან კონკრეტულად ისაუბროს იმ ციფრებზე და იმ პროგრამებზე, რომელიც ადამიანების უმძიმეს ყოფას გააუმჯობესებს. მხოლოდ ის ადამიანები ავიღოთ, ვინც დაკარგა სამსახური, 600 000-ზე მეტ ადამიანს საბანკო კრედიტი აქვს გადავადებული და მათ ერთად დაატყდებათ თავს საპროცენტო გადასახადიც და ის თანხაც, რომელიც უნდა გადაიხადონ. პრაქტიკულად ჩავთვალოთ, რომ ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი არის გაღარიბებული და სასოწარკვეთილი“, - განაცხადა წერეთელმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მევახშეობა ერთ-ერთი მთავარი ბიზნესი გახდა, რაც მოსახლეობას უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.

„მე ერთ რამეს შემოგთავაზებდით ბატონო გიორგი, ინტერნეტში განცხადებებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ განცხადებების უმეტესობა ეს არის - გავასესხებ ფულსო, პროცენტები უზარმაზარია, ანუ მევახშეობა დღეს ამ უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბიზნესი გახდა, რაც ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო დიდ ფინანსურ ორმაში ჩააგდებს, ეს არის რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა