ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია

პარლამენტში პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავრობის მთელი შემადგენლობის ორდღიანი სტუმრობის, ანტიკრიზისულ გეგმაზე გამართული დებატებისა და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის ავკარგიანობაზე, ასევე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ატონო ლადო, დაგვპირდით, რომ პრემიერ გიორგი გახარიას პარლამენტში მეორეჯერ მისვლის შემდეგ გააკეთებდით კომენტარებს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმებსა და პოლიტიკურ პროცესზე.

ვიდრე მთავარ თემაზე, ანუ იმაზე შეგაწუხებდეთ თუ რა პასუხი მიიღო საზოგადოებამ ანტიკრიზისულ გეგმაზე და სავარაუდოდ, როგორია იგი, გვერდს ვერ ავუვლით პარლამენტში პრემიერის ორჯერ მისვლის დროს გამართული პოლემიკის შედეგებზე საუბარს.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში პრემიერის ორჯერ გამოსვლამ და პარლამენტშივე გამართულმა დებატებმა არა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, არამედ პოლემიკის პოლიტიკურმა ნაწილმა?

- სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურის დონე ჯერ კიდევ ძალზედ დაბალია. ამიტომ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პარლამენტში არა იმდენად პოლიტიკურ დებატებს ვისმენთ, რამდენადაც ერთმანათის შეურაცხყოფას.

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ამგვარი მიდგომის ინიციატორი „ნაციონალური ოპოზიციაა“, რომელიც რეალურად ყოფილ „ნაცებსაც“ მოიცავს. სამწუხაროა, რომ ამ სტილს ფაქტობრივად იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობაც და მთავრობის ზოგიერთი წევრიც.

ამ დროს საქართველოს მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია და ნაკლებად აინტერესებს იმის გარკვევა, თუ ვინ უფრო დიდი „პოლიტიკური გოიმია“.

საქართველოს მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია და ნაკლებად აინტერესებს იმის გარკვევა, თუ ვინ უფრო დიდი „პოლიტიკური გოიმია“

- პარლამენტში ოპონენტების მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა დატოვა განცდა, რომ ისინი პარლამენტში ძირითადად ამისთვის შეიკრიბნენ.

გასაგებია, რომ საარჩევნო წელია და ყველა მხარე ცდილობს მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას და ამომრჩევლის წინაშე იმის დემონსტრირებას, რომ 2020 წლის არჩევნებზე მათ ალტერნატივა არ ჰყავთ.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებით ორივე მხარემ მოახდინა საკუთარი სისუსტეების დემონსტრირება და გაშიშვლება.

ამ საქმეში მმართველმა გუნდმა მგონი მართლაც „აჯობა“ ოპოზიციას, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, თუ რა დასკვნები გამოიტანა უმწვავეს პოლიტიკურ თემებზე მათ მსჯელობაზე საზოგადოებამ და პოტენციურმა ამომრჩეველმა.

თქვენი დაკვირვებით, ამ თვალსაზრისით სავარაუდოდ, როგორ აღიქვა და რა გაიგო პარლამენტში გამართული დისკუსიისაგან საზოგადოებამ?

ამჯერად, ანტიკრიზისულ გეგმებს არ ვგულისხმობ...

- პარლამენტში პრემიერის ორდღიანმა სტუმრობამ ნათლად აჩვენა, რომ ბატონი გიორგი გახარია ჩამოყალიბდა ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად. თანაც მის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ მისი ხელმძღვანელობით მთავრობამ წარმატებით გაართვა თავი კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, რასაც შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციაც თვალნათლივ ასახავს.

მთავრობის საქმიანობის დადებით მხარედ აუცილებლად უნდა ჩაითვალოს მისი შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ქართველ მედიკოსებთან. როგორც მოსალოდნელი იყო, ბატონი გიორგი გახარიას მთავრობამ და მისმა საქმიანობამ საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა საერთაშორისო დონეზეც, როგორც კრიზისული სიტუაციის მართვის წარმატებულმა გამოცდილებამ. ასევე შედეგიანია ქვეყნის მთავრობა მნიშვნელოვანი ოდენობის საერთაშორისო დახმარებების მოზიდვის კუთხითაც.

ყოველივე ამან პრემიერ-მინისტრს პარლამენტში გამოსვლისას, როგორც 27, ასევე 29 მაისს მეტი დამაჯერებლობა მისცა. ამიტომ, ჩემი აზრით, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არც ხელისუფლების გულშემატკივარია და არც „ნაციონალური“ ოპოზიციის მომხრე, ყველაზე მთავარია, რომ საპარლამენტო დებატებში ერთ მხარეს წარმოდგენილი იყო ეპიდემიის მასშტაბების შეზღუდვაში წარმატებული მთავრობა, ხოლო მეორე მხარეს ის ოპოზიცია, რომელსაც ეს წარმატება, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე სულაც არ აწყობს.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არც ხელისუფლების გულშემატკივარია და არც „ნაციონალური“ ოპოზიციის მომხრე, ყველაზე მთავარია, რომ საპარლამენტო დებატებში ერთ მხარეს წარმოდგენილი იყო ეპიდემიის მასშტაბების შეზღუდვაში წარმატებული მთავრობა, ხოლო მეორე მხარეს ის ოპოზიცია, რომელსაც ეს წარმატება, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე სულაც არ აწყობს

აქედან გამომდინარე ხელისუფლებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე არ დაუშვას პრინციპული ხასიათის შეცდომები, რომ ეპიდემიასთან ბრძოლაში მოპოვებული წარმატება არ გაფანტოს.

- პრემიერმა გიორგი გახარიამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე. ოპოზიციის გარდა, დამკვირვებელთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, მეტიც, ხელისუფლება არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული

თქვენ როგორ დაახასიათებდით, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას და რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ამ გეგმასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები?

- თქვენთვის ადრე მოცემულ ინტერვიუსა, თუ სხვა გამოსვლებშიც ხაზგასმით მაქვს აღნიშნული, რომ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისი დოკუმენტი უბრალოდ არ შეუქმნია და არც რაიმე ნორმატიული აქტით დაუმტკიცებია.

გვაქვს ანტიკრიზისული გეგმის საპრეზენტაციო მასალები ისე, რომ თავად ანტიკრიზისული გეგმა არ არსებობს... ხოლო, ის რაც არ არსებობს, მასზე საქმიანი მსჯელობა სპეციალისტისთვის არ არის მისაღები.

თავად ანტიკრიზისული გეგმა არ არსებობს... ხოლო, ის რაც არ არსებობს, მასზე საქმიანი მსჯელობა სპეციალისტისთვის არ არის მისაღები

ის, რომ ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სულაც არ არის გასაკვირი, რადგანაც რამდენიმე თვეში გვექნება საპარლამენტო არჩევნები. დავუშვათ ჰიპოთეზა და წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ისინი, ვინც დღეს ოპოზიციაშია და აკრიტიკებს მთავრობას, განა ამ შემთხვევაში ამ ჰიპოთეზური მთავრობის დღის წესრიგი არ იქნებოდა არჩევნებზე მორგებული?

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკას, გასათვალისწინებელია არა მარტო ამ კრიტიკის შინაარსი, არამედ ისიც თუ ვინაა კრიტიკოსი.

ის, რომ ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სულაც არ არის გასაკვირი, რადგანაც რამდენიმე თვეში გვექნება საპარლამენტო არჩევნები. დავუშვათ ჰიპოთეზა და წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ისინი, ვინც დღეს ოპოზიციაშია და აკრიტიკებს მთავრობას, განა ამ შემთხვევაში ამ ჰიპოთეზური მთავრობის დღის წესრიგი არ იქნებოდა არჩევნებზე მორგებული?

მაშინაც კი, როცა „ნაციონალური“ ოპოზიციის მხრიდან ხელისფლების მისამართით გაისმის შინაარსობრივად სწორი კრიტიკა, იმწამსვე გახსენდება, რომ ეს „კრიტიკოსი ოპოზიცია“ თავად როცა იყო ხელისუფლებაში იმავე ან მსგავს შეცდომებს უშვებდა და, არც თუ იშვიათად, არა მარტო შეცდომებს უშვებდა, არამედ დანაშაულსაც კი სჩადიოდა, რაზეც ჯეროვანი და სამართლიანი პასუხი დღემდე არ უგია...

- ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა არ აქვს. მეტიც, მათივე მტკიცებით, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა თავის საარჩევნო დღის წესრიგს მოარგო, არც გადასახადებისა და არც ბიუროკრატიის შემცირებას და არც საპენსიო ფონდის დანაზოგების ხალხისთვის დარიგებას არ აპირებს.

აშკარად გაუგებარი დარჩა თუ რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი და სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი მიიღებს დახმარების სოციალურ პაკეტს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მისამართით მმართველი გუნდის არა ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ოპოზიცია აცდენილია რეალობას“, თქვენ როგორ შეაფასებდით ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებებს და თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რომელ მათგანს გაითვალისწინებდით?

- ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთავრობის მეთაურმა ტელევიზიით მოახდინა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია, როგორც მახსოვს, იქვე აღნიშნა, რომ მაისის ბოლოს მთავრობა საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანდა პოსტკრიზისულ პროგრამას, რომელშიც უნდა ყოფილიყო საუბარი იმაზე, თუ კრიზისის შემდგომ პერიოდში როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოს ეკონომიკა.

27 მაისს პარლამენტში გამოსვლისას ბატონმა გიორგიმ ჩემთვის გაუგებარი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ, რადგანაც თანამედროვე მსოფლიოში ჩამოყალიბების სტადიაშია მოთხოვნისა და მიწოდების სქემები, რადგანაც მოიშალა და თავიდან შესაქმნელია ახალი „მიწოდებათა ჯაჭვები“ და „ღირებულებითი ჯაჭვები“, ამიტომ, თურმე აზრი არ ჰქონია მთვარობის მხრიდან პოსტკრიზისული ხედვის ჩამოყალიბებას.

ვფიქრობ, ეს შეცდომაა, რადგანაც მას შემდეგ, როცა მსოფლიო ეკონომიკაში ახალი „ჯაჭვები“ შეიქმნება საქართველოს ეკონომიკა კვლავ აღმოჩნდება „მაჩანჩალა“ მდგომარეობაში. სწორედ ახლა, როცა მიდის ახალი „ჯაჭვების“ ფორმირება საქართველოს გადაუდებლად ესაჭიროება ეკონომიკის განვითარების პოსტკრიზისული სტრატეგიის გააზრება და შესაბამისი სამთავრობო დოკუმენტის მომზადება.

მას შემდეგ, როცა მსოფლიო ეკონომიკაში ახალი „ჯაჭვები“ შეიქმნება საქართველოს ეკონომიკა კვლავ აღმოჩნდება „მაჩანჩალა“ მდგომარეობაში. სწორედ ახლა, როცა მიდის ახალი „ჯაჭვების“ ფორმირება საქართველოს გადაუდებლად ესაჭიროება ეკონომიკის განვითარების პოსტკრიზისული სტრატეგიის გააზრება და და შესაბამისი სამთავრობო დოკუმენტის მომზადება

ის უნდა გახდეს პოტენციური ინვესტორებისათვის ხელმისაწვდომი, რათა ჩინეთში თავმოყრილი სწარმოების დეკონცენტრაციის პირობებში საქართველოს გაუჩნდეს მეტ-ნეკლები შანსები იმისთვის, რომ ამ საწარმოთა ნაწილისთვის მაინც ახალი ლოკაციის ადგილად ჩვენი ქვეყანა იქნას შერჩეული.

ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა, და რამ შეაცვლევინა ერთი თვის განმავლობაში პრემიერს აზრი პოსტკრიზისული პროგრამის შესახებ. იმავდროულად, საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ორიოდე კვირის წინ ონლაინ-რეჟიმში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი შეგვხვდა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა ნაწილს.

ამ შეხვედრაზე გაიმართა საინტერესო დისკუსია, გამოითქვა არაერთი კრიტიკული მოსაზრება, და, რაც მთავარია, ქალბატონმა ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებს გაგვიზიარა რამდენიმე ძალიან საინტერესო მოსაზრება, თუ როგორია მთავრობის ხედვა პოსტკრიზისულ პერიოდში, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია, და ეკონომიკის რეალური სექტორის რომელი დარგების განვითარებას მიენიჭება პრიორიტეტი.

ამ ფონზე მით უფრო გაუგებარია, მთავრობის მეთაურმა პარლამენტში პოსტკრიზისულ პროგრამაზე საუბარს რატომ აარიდა თავი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ცხელი“ საპარლამენტო დაპირისპირების ფომზე, რაღაც მიზეზთა გამო პრემიერმა არ ისურვა ამ თემაზე საუბარი, თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ჯობია ადრე, მას, თუნდაც სხვა ფორმატში, ამ თემაზე მაინც მოუწევს საუბარი.

შესაძლოა, „პიარ“ ტექნოლოგიების გათვალისწინებით, უკეთესიც კი იყოს პრემიერისთვის და მთლიანად მთავრობისთვისაც პოსტკრიზისული სტრატეგიის წარმოდგენისთვის გამოიყენოს არასაპარლამენტო ფორმატი.

რაც შეეხება საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ხარჯვას, მე ამის სატიკი წინააღმდეგი ვარ. ეს გრძელვადიანი პროექტია და მის ჩაგდებაში ღიად არის დაინტერესებული „ნაციონალური“ ოპოზიცია, რომელიც საპენსიო რეფორმის დასაწყისიდანვე დაუპირისპირდა მთავრობას. დღეს საპენსიო ფონდის თანხების ხარჯვა-დარიგება იმის აღიარება იქნება მთავრობის მხრიდან, რომ ეს რეფორმა სწორად არ განახორციელა.

დღეს საპენსიო ფონდის თანხების ხარჯვა-დარიგება იმის აღიარება იქნება მთავრობის მხრიდან, რომ ეს რეფორმა სწორად არ განახორციელა

საპენსიო რეფორმაში დაშვებული შეცდომების, მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობა საპენსიო ფონდის შექმნაში, მიუხედავად, ვთვლი, რომ ეს რეფორმა პრინციპში აუცილებელი იყო და, უფრო მეტიც, დაგვიანებით იქნა დაწყებული, მაგრამ, როგორც იტყვიან, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

- ანტიკრიზისული გეგმის თავისი ვარიანტი წარმოადგინა „ლელო საქართველომ“. გემახსოვრებათ, რომ საუბარი იყო 6 მილიარდიან გეგმაზე, რომლის სწორად მართვა არა მარტო გამოიყვანდა ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც გააჩენდა.

თქვენი აზრით, სავარუდოდ, რატომ არაფერი არ გაითვალისწინა მთავრობამ იმ ანტიკრიზისული გეგმიდან, რომელზეც კარგა ხანია „ლელო საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაარაე და ბადრი ჯაფარიძე საუბრობენ?

- ნებისმიერ ოპოზიციურ, თუნდაც ახალდაფუძნებულ პარტიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ეკონომიკური პროგრამა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს და, როგორც წესი, არც არასდროს ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლებაში მყოფმა მთავრობამ ოპოზიციური პროგრამა გაიზიაროს. ამას „პოლიტიკური თამაშის“ არაფორმალური წესების გამორიცხავს.

თუ მთავრობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის რჩევებს აჰყვება, მაშინ გამოდის, რომ ოპოზიცია უფრო გონიერია, ვიდრე მთავრობა, რაც მთავრობის უკანმდგომი პარტიისათვის არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

თუ მთავრობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის რჩევებს აჰყვება, მაშინ გამოდის, რომ ოპოზიცია უფრო გონიერია, ვიდრე მთავრობა, რაც მთავრობის უკანმდგომი პარტიისათვის არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზიც კი შეიძლება გახდეს

ეს ოპოზიციურმა პარტიებმაც იციან, ამიტომ მათი პროგრამები, მათ შორის ეკონომიკურიც, უწინარეს ყოვლისა, გათვლილია საკუთარ ამომრჩეველზე, მისი ხმის მოპოვებაზე და არა იმაზე, რომ მოქმედი მთავრობა გაიზიარებს მას.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანტიკრიზისულ ღონისძიებებში მთავრობა უნდა ითვალისწინებდეს საგარეო წყაროებიდან მისაღებ ფინანსურ დახმარებებს, რომლებსაც, როგორც წესი, ხარჯვის მკაცრი მიზნობრიობა აქვს.

ეს ინფორმაცია კი მოლაპარაკებების ეტაპზე ხელმისაწვდომი მხოლოდ მთავრობისთვისაა და ოპოზიციური პარტიები საქმის კურსში გაერკვევიან მხოლოდ მაშინ, როცა ამ მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდება ხელშეკრულებები, რომელთა ნაწილს აუცილებლად დასჭირდება პარლამანტში რატიფიცირება.

- უკვე ვიცით, რომ პანდემიის გამო 14%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვაქვს. მეტიც, ისიც ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა ეკონომიკის საკმაოდ დიდი ვარდნით დაასრულებს. სხვასსხვა ციფრები სახელდება.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა - „ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის წყალობით ეკონომიკა ძალიან მალე ამოქმედდება“. რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ეკონომიკა არა მარტო ამოქმედდება ძალიან სწრაფად, არამედ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იმგვარი იქნება, რომ ისეთი კატასტროფული ეკონომიკური შედეგები არ გვექნება, როგორსაც ვვარაუდობენ?

- საქართველოს ეკონომიკის განვითარება, უწინარეს ყოვლისა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. კერძოდ, სულ ახლახან კვლავ დამძიმდა სიტუაცია. მაგალითად, სამხრეთ კორეასა და ისრაელში, და არც თუ დიდი ხნის წინ განახლებული ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი კვლავ შეიზღუდა.

თუ მოვახერხებთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვაში მოპოვებული წარმატების განმტკიცებას, მაშინ ეკონომიკური საქმიანობის განახლებას თავისი დადებითი შედეგები აუცილებლად მოჰყვება.

თუ მოვახერხებთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვაში მოპოვებული წარმატების განმტკიცებას, მაშინ ეკონომიკური საქმიანობის განახლებას თავისი დადებითი შედეგები აუცილებლად მოჰყვება

ბევრი რამაა დამოკიდებული კორონავირუსის მკურნალობის ეფექტიანი საშუალებებისა და მეთოდების რაც შეიძლება მალე შემუშავებაზე, აღარაფერს ვამბობ შესაბამისი ვაქცინის შექმნაზე. ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - „დღეს ეკონომიკა მედიცინის მძევალია“.

ამ ეტაპზე ერთი კი შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მეცნიერ-ეკონომისტებთან ქალბატონ ნათია თურნავას შეხვედრა მაძლევს იმის უფლებას ხაზი გავუსვა, რომ ზოგიერთ საკითხში განსხვავებული აზრის მიუხედავად, მინისტრს მთლიანობაში საქართველოს პოსტკრიზისული განვითარების სწორი ხედვა აქვს.

საქართველოს მეცნიერ-ეკონომისტებთან ქალბატონ ნათია თურნავას შეხვედრა მაძლევს იმის უფლებას ხაზი გავუსვა, რომ ზოგიერთ საკითხში განსხვავებული აზრის მიუხედავად, მინისტრს მთლიანობაში საქართველოს პოსტკრიზისული განვითარების სწორი ხედვა აქვს

- ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი საკმაოდ დაძაბულადაც კი მიმდინარეობს. არადა, უახლოეს პერიოდშია განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც უამრავი ენერგია და დრო დაიხარჯა.

ამ საკითხზე ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პოზიციები ცნობილია. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდება? და თუ მართლაც ასე მოხდა, სავარაუდოდ არჩევნების წინ რა სურათს მივიღებთ?

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაზე მეტად საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღება „ნაციონალური“ ოპოზიციის ინტერესშია, რათა ამით დაადანაშაულონ საპარლამენტო უმრავლესობა, რომ ამის მიზეზი 8 მარტის შეთანხმების არგათვალისწინებაა.

ამ შეთანხმების ტექსტში ნამდვილად არ წერია ის, თუ კონკრეტულად ვინ უნდა ყოფილიყო ციხიდან გამოშვებული, თუმცა კარგად ვიცი, რომ, როგორც წესი, არსებობს ფორმალურ ტექსტს მიღმა, ანუ კულუარულად გაჟღერებული ვალდებულებებიც, თუმცა ამის შესახებ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები განსხვავებულ კომენტარებს აკეთებენ, ხოლო დიპლომატები, მათი სტატუსისთვის დამახასიათებელი ქცევიდან გამომდინარე დუმილს ამჯობინებენ.

ცუდია, როცა აშკარა დამნაშავეებს, რატომღაც პოლიტპატიმრების კვალიფიკაცია ეძლევა. ეს, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შედეგია...

ვისურვებდი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებალდ იყოს მიღებული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხში კიდევ ერთხელ არ გააცუროს ამომრჩეველი, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციამ და უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა მხარი დაუჭერონ ამ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში „ნაციონალური“ ოპოზიცია ამომრჩევლის თვალში ნამდვილად ვერ დარჩება მომგებიან პოზიციაში.

ვისურვებდი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებალდ იყოს მიღებული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხში კიდევ ერთხელ არ გააცუროს ამომრჩეველი

- პარლამენტში გამართული დებატებისას მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციას ხშირად ახსენებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლიან პერიოდსა და იმავე პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს.

უცნაური ისაა, რომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნა ადამიანი, რომლის კარიერული ზრდა სწორედ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნისას სააკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ყოფნას უკავშირდება.

ვითარებაში, როცა „ოცნება“ „ნაციონალებს“ თავის წარსულს ახსენებს, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მმართველი გუნდმა ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოში თუ საეჭვო რეპუტაციის არა, „ნაციონალური“ ბიოგრაფიის კადრი დანიშნა?

- ბატონ ვასილ როინიშვილს არ ვიცნობ ამიტომ უშუალოდ მის პიროვნებაზე ვერაფერს გეტყვით. როგორც ეკონომისტი, და არაიურისტი, ასევე ვერაფერს მოგახსენებთ მის პროფესიულ დონეზე. თუმცა ჩემი დამოკიდებულება ე.წ. „ნაცების“ კადრებზე დადებით ნამდვილად არ არის.

ნამდვილად არ ვთვლი, რომ „ნაციონალური“ ბოროტებისადმი ლოილაურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს რაიმე სახის სამართლებრივი დევნა, მაგრამ არც ის მესმის, თუ ქვეყნის მართვის ესა თუ ის სადავე მაინცდამაინც მათ რატომ უნდა ჩაბარდეს

„ნაციონალური“ მმართველობისას იყვნენ დაუმალავად ბოროტი, დანაშაულის ჩამდენი პირები და ისეთებიც, ვისაც არ ჰქონია პროტესტის გრძნობა ამ დანაშაულებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ისინი წარმოდგენილნი არიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც, სამთავრობო სტრუქტურებშიც და სასამართლო ხელისუფლებაშიც.

ამიტომ ის, რაც მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში ჩემთვის და, სავარაუდოდ, ჩემსავით ბევრისთვის, სულაც არ არის მოულოდნელი. ნამდვილად არ ვთვლი, რომ „ნაციონალური“ ბოროტებისადმი ლოილაურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს რაიმე სახის სამართლებრივი დევნა, მაგრამ არც ის მესმის, თუ ქვეყნის მართვის ესა თუ ის სადავე მაინცადამაინც მათ რატომ უნდა ჩაბარდეს.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა