გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოკვლევაზე - „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ პირველი ზეპირი მოსმენა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკომიტეტო მოკვლევის - „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ ფარგლებში, დღეს პირველი ზეპირი მოსმენა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა და გიორგი გაჩეჩილაძემ - იმ დაინტერესებულ მხარეებს მოუსმინეს, ვინც კომიტეტის სამუშაო ჯგუფს დადასტურებული პოზიცია წარუდგინა თემაზე: „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“.

„დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ ვაგრძელებთ საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთ მექანიზმს - თემატური მოკვლევის პროცესს, რომლის მოკლე შინაარსი გამოიხატება აქტუალური და საჭირბოროტო თემის წამოწევით. შემდეგ ამ თემის ირგვლივ მოკვლევით და სათანადო, დასაბუთებული წინადადებების მიღებით და შემდეგი ეტაპი, რომელსაც დღეს ვიწყებთ, ეს არის საჯარო მოსმენები. პირველი საჯარო მოსმენა ტარდება თავად წინადადებების წარმომდგენებთან და გაგრძელდება სახელმწიფო და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურასთან იმისათვის, რომ თემა სათანადოდ მოვიკვლიოთ. საბოლოო ჯამში კი, ექსპერტის მონაწილეობით, შევიმუშაოთ რეკომენდაციები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ამ თემატური მოკვლევის შედეგად გამოჩნდება საერთო სურათი და ჯგუფის წევრებს ექნებათ შეთავაზება მთავრობისადმი, რომ შეიმუშაოს საერთო სამოქმედო გეგმა ყველა საჭირო სამინისტროს ჩართულობით და განსაკუთრებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით.

„ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელზეც საკომიტეტო მოკვლევამ პასუხი უნდა მოიძიოს, არის ის, თუ რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში ,,ნიადაგი-წყალი-ჰაერი-ადამიანიას” ცოცხალი ჯაჭვის ტყვიით დაბინძურებას და რა კვლევითი მტკიცებულებები არსებობს ამის დასადასტურებლად. ასევე, რა არის ის ფაქტორები, რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე, გარემოს დაბინძურებაზე. დღევანდელ საჯარო მოსმენაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს ტყვიასთან დაკავშირებით, მისი გარემო პირობებში არსებობის და სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს გელა კვაშილავამ, (ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელი); ვახტანგ კობალაძემ, (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი); მანანა ქოჩლაძემ („მწვანე ალტერნატივა“); ნოდარ ტანგიაშვილმა, (აქტივისტი, საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, მკვლევარი).

საჯარო მოსმენა, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ტყვიით გარემოს დაბინძურებისა და უშუალოდ ადამიანზე მისი ზემოქმედების ძირითად წყაროებად დასახელდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საღებავები, ინდუსტრიული ნარჩენები, საწვავი, სამომხმარებლო პროდუქცია. გამოითქვა მოსაზრებები, რომ ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოების მონაწილეობა;

სურსათის უსაფრთხოების სამსახურმა, სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ანალიზის შედეგად, უნდა გამოავლინოს ის ქვეყნები და სურსათი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს მომატებულ ტყვიის ოდენობას და შეიმუშავოს რეკომენდაციები იმპორტიორი ორგანიზაციებისთვის; უნდა ხორციელდებოდეს საწვავის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი; უნდა გაიზარდოს იმპორტირებულ პროდუქციის (სამშენებლო მასალები, მათ შორის საღებავები, საკანცელარიო ნივთები, საბავშვო პროდუქცია, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.) მიზანმიმართული კონტროლი ტყვიასა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობაზე; მიზანშეწონილია, დაფინანსდეს პროექტები, რომლებიც გამორჩეულად მდგრადია და ხელს უწყობს სატრანსპორტო სისტემის გაჯანსაღებას და ჰაერში სხვადასხვა მავნე გაფრქვევების შემცირებას; საქართველოს ქალაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად, უნდა წახალისდეს ველოსიპედით გადაადგილება და საამისოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდეს; სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის, საბანკო ინსტიტუტების მონაწილეობით უნდა შეიქმნას პროგრამა “არც ერთი ავტომობილი კატალიზური გადამრთველის გარეშე“ და სხვა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემდეგ ზეპირ მოსმენაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება, მოწვეული არიან ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები.

„საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ ხელშესახები რეკომენდაციები შევიმუშაოთ თქვენი მონაწილეობით, რათა ისინი კიდევ უფრო სრულყოფილი და მასშტაბური გავხადოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან შედეგს აუცილებლად მივიღებთ, ვინაიდან ასე ერთიანი, კომპლექსური მიდგომა ამ საკითხისადმი დღემდე არ ყოფილა და ვფიქრობ, ის მიმართულება, რაზეც პარლამენტს ექნება დასკვნა, აუცილებლად იქნება გათვალიწინებული სამინისტროების მხრიდან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა დასასრულს.

პროექტი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა