თამარ გაბუნია - ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კონტროლის ფარგლებში რჩება, თუმცა გარკვეული შერბილებების შემდეგ, რაღაცნაირად მოვდუნდით

უკავშირდება თუ არა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ბოლოდროინდელი მატება შეზღუდვების შემსუბუქებას, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელება უფრო მოიმატებს, შემოვა თუ არა ახალი სანქციები უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, მათ შორის პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში და შეეხებათ თუ არა ეს ტაქსის მძღოლებს, რომელთა უმეტესი ნაწილი ახლა მგზავრებს პირბადის გარეშე ემსახურება, გაითვალისწინებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კონდიციონერის გამოყენებაზე მოსახლეობის თხოვნას, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ესაუბრა.

- სამ თვეზე მეტია ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის. რა მდგომარეობა გვაქვს ამ ეტაპზე? რამდენად არის საშიშროება, რომ სიტუაცია კვლავ გართულდეს და შემზღუდველი ღონისძიებები გახდეს საჭირო?

- ჯერჯერობით სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. ყველა შემთხვევის უკან არის მკაფიოდ გამოკვეთილი წყარო-პაციენტი, ანუ ცნობილია ინდექს-პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ კონტაქტების გამოკვლევაზე ვიმუშაოთ და არ დავკარგოთ შესაძლო შემთხვევები. იმ შემთხვევებიდან, რა მატებაც ჩვენ წინა დღეებში ვნახეთ, უმრავლესობა უკავშირდება ისევ ბოლნისს. ეს შემთხვევები მოდის ისევ და ისევ ცნობილი „ცხელი კერებიდან“, ან რისკის ჯგუფებიდან, სადაც იგულისხმება სამედიცინო პერსონალი და ასევე, საკარანტინო ზონები. ამდენად, ჯერ ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, ხომ არ გამოიწვია შემთხვევების მატება შემზღუდველი ღონისძიებების შერბილებამ. ჯერ უნდა დავიცადოთ, ვიდრე არ გამოიკვეთება, რა ზეგავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის მოხსნამ. როგორც ვიცით, ორკვირიანი ციკლია ვირუსის გავრცელებაში, ასე უნდა ვადევნოთ თვალი ეპიდემიის მიმდინარეობას. ჯერჯერობით ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი რჩება კონტროლის ფარგლებში. მთავარია ის, რომ ქცევის დონეზე არ შევასუსტოთ პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, რაც სამწუხაროდ, უკვე შეიმჩნევა. გარკვეული შერბილებების შემდეგ, რაღაცნაირად მოვდუნდით, ნიღაბი ხალხს საჯარო სივრცეში იშვიათად უკეთია. კარგია, რომ ჯერჯერობით ვხედავთ, ტრანსპორტში პირბადეს იყენებენ. არადა, ნიღაბი ეს არის ერთ-ერთი აქტიური დაცვის საშუალება, რომელიც დღეს გვაქვს. ამდენად, ასეთი მარტივი გზით თუ შეიძლება ვირუსის თავიდან აცილება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გამოვიყენოთ ეს საშუალება.

- აღნიშნეთ, რომ „ცხელი კერებიდან“ არის ინფიცირებულთა რაოდენობის მატება, რამდენად შესაძლებელია კვლავ გახდეს საჭირო კონკრეტულ ადგილებში საკარანტინო ზომების მიღება?

- ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სურათი და მაჩვენებლები არსებობს ამის, რომელიც აღწერს, რამდენად ინტენსიურად ვრცელდება ეპიდემია ამა თუ იმ რეგიონში. დღეს ამის აუცილებლობა არ იკვეთება. თუმცა, კარანტინის მექანიზმის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს საჭირო სხვადასხვა დონეზე, შეიძლება იყოს ინდივიდუალურ დონეზე ან დასახლებული პუნქტის დონეზე. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ალბათ, უნდა მივიღოთ ისე, როგორც ეპიდსიტუაციის ქმედითი ღონისძიება. ამას წინასწარ, რა თქმა უნდა, ვერ ვიტვით როდის, რა დონეზე იქნება საჭირო კარანტინის მექანიზმის გამოყენება.

- ამბობთ, რომ თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადეა, თუმცა, ტრანსპორტში, მათ შორის, ტაქსებში, მძღოლების უმეტესობას პირბადე არ უკეთია. ხომ არ ხედავთ კონტროლის საჭიროებას? რამდენად არის შესაძლებელი ტაქსის მძღოლებისთვის სანქციები დაწესდეს? ასევე, ისინი კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარონ?

- ტაქსებში დაცვის მექანიზმი პირბადის გამოყენების გარდა ისიც არის, რომ მხოლოდ უკანა სავარძელზე უნდა განთავსდეს მგზავრი და ასევე კარგია თუ ბუნებრივი ვენტილაცია მოხდება, ანუ ფანჯარა იქნება ჩაწეული. ნიღაბი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. თუმცა, თუ ეს არ მოქმედებს და ადამიანი თავს არ იცავს, ასევე არ იცავს სხვებსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ საკომუნიკაციო კამპანიაზე და იმაზე, რომ თვითშეგნება გაიზარდოს, არ დაგვავიწყდეს პირბადის გამოყენების მნიშვნელობა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება საჭირო გახდეს და შეიძლება შედეგიც კი გამოიღოს სანქციის მექანიზმმა იმ შემთხვევაში, როცა ნამდვილად აუცილებელია პირბადის გამოყენება და რატომღაც მოქალაქე არ იყენებს ნიღაბს.

- სანქცია მძღოლებისთვის იქნება?

- არა მარტო ტაქსის მძღოლები, ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაექვემდებაროს სანქციას, როდესაც აუცილებელია საჯარო სივრცეში ნიღბის გამოყენება და არ გამოიყენებს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გაამართლოს გარკვეულწილად საჯარიმო სანქციებმაც, თუ რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ ქცევის მისაღებ დონეს, რომ ნიღაბი გავიკეთოთ ყველამ იქნება ეს ავტობუსში, მეტროში თუ ტაქსში, მძღოლი იქნება ეს თუ მგზავრი, ნიღბის გაკეთება მნიშვნელოვანია.

- ამ საკითხზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან კომუნიკაცია გქონდათ?

- ეს საკითხი განხილული არ არის, მაგრამ შესაძლო მექანიზმია, რითაც ნიღბის გამოყენებას სტიმულაცია შეიძლება გავუკეთოთ. მძღოლი არ არის გამონაკლისი, როდესაც საუბარია ერთიან ქცევაზე, ყველას თანაბრად უნდა მოეთხოვებოდეს ამ წესის დაცვა. ასე რომ, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და როდესც კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება, შეგატყობინებთ.

-კონდიცირების საკითხზეც მინდა გკითხოთ, რამაც საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, წინ ცხელი ზაფხული გველოდება და კონდიცირების სისტემის გარეშე ოფისებში მუშაობა შეუძლებელიც კია. ხომ არ მოხდება ამ რეკომენდაციის გადახედვა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, როცა ინფექციონისტების ნაწილი საერთოდ ვერ ხედავს საფრთხეს კონდიცირების სისტემის გამოყენებაში?

- წესი უნდა დავიცვათ კონდიცირება იქნება, ვენტილაცია თუ სხვა საშუალება. ამ წესებს გვთავაზობს ევროპის გამათბობლების, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების ასოციაციების ფედერაცია. გამოცემულია გაიდლაინი ამ ფედერაციის მიერ, რომელიც არის ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ვენტილაციის და კონდიცირების სისტემა. ეს რეკომენდაციები ჩვენ შევიტანეთ ბიზნესებისთვის მომზადებულ შესაფერის რეკომენდაციებში. იქ წერია, როგორ უნდა მოხდეს სავენტილაციო სისტემის გამოყენება, სად შეიძლება კონდიცირების სისტემის გამოყენება, რა წესები უნდა დავიცვათ თუ ამას მივმართავთ. მთავარი აქ არის ის, რომ ამ სისტემებმა უნდა გამოიყენონ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გარედან შემოტანილი ჰაერი. საყოფაცხოვრებო პირობებში, ბინებში კონდიცირების გამოყენება ნაკლებად რისკის შემცველია, ვიდრე დიდ საჯარო სივრცეში, რადგან ბინაში ჰაერი ისედაც გაზიარებულია ოჯახის წევრებს შორის, კონდიციონერი კი ამ ჰაერის რეცირკულაციას და გაგრილებას ახდენს. ამდენად, ამ შემთხვევაში კონდიციონერი დამატებით რისკს ოჯახისთვის ვერ შემოიტანს. თუმცა, კონდიციონერი დამატებითი რისკი შეიძლება იყოს საჯარო სივრცეში, სადაც ბევრი უცხო ადამიანი მოდის, ერთმანეთს ხვდება სხვადასხვა სივრციდან მოსული ადამიანი, რომლებიც სხვა შემთხვევაში ამ ჰაერს არ გაიზიარებდა. თუ კონდიციონერის გამოყენებას გადავწყვეტთ, უნდა დავიცვათ ის ინსტრუქცია, რომელიც წარმოდგენილია კონდიციონერის მწარმოებლის მიერ.

- შესაძლებელია დიდ დაწესებულებები შემოწმდნენ, რამდენად გამართულად მუშაობს ეს სისტემა, რომ იქ დასაქმებული ადამიანებისთვის საფრთხე არიდებული იყოს?

- ეს თავად უნდა უზრუნველყოს დამსაქმებელმა, რომელიც ამ კონდიციონერს იყენებს. მთავარია ის, რომ ფილტრი რეგულარულად იცვლებოდეს და ოპერირების წესები, რომელიც მითითებულია კონდიციონერის მწარმოებლის მიერ, დაიცვან. სამწუხაროდ, ჩვენს პრაქტიკაში ფილტრების რეგულარული გამოცვლის გამოცდილება, დარწმუნებული არ ვარ, რომ ისეთია, როგორიც უნდა იყოს. თუმცა, მაინც ბუნებრივ ვენტილაციაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რამდენადაც შეგვიძლია დიდი რაოდენობით. თუ ცენტრალური ვენტილაციის სისტემაა, უნდა გადავრთოთ გარედან შემომავალი ნაკადების გაზრდილ მოცულობაზე. კიდევ ერთი საკითხია ვენტილატორების გამოყენება, რომელიც ჰაერს ატრიალებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სიფრთხილეა საჭირო. თუ მიმართულება სწორი არ აქვს ჰაერის ნაკადს, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გადაადგილების სიჩქარის გაზრდა და ინფექციის რისკიც გაიზარდოს. თუ ვენტილატორს გამოვიყენებთ, ჰაერის ნაკადი მიმართული უნდა იყოს გარეთ გამავალ სივრცეში და ოთახში არ უნდა ტრიალებდეს.

- გადავიდეთ სწრაფ ტესტებზე, რამდენი ტესტი გვჭირდება ამ ეტაპზე?

- ჩვენ თავიდანვე გვქონდა PCR როგორც ოქროს სტანდარტი. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება სამეცნიერო საზოგადოებაში და მისი სარწმუნოობა ყოველთვის მაღალი არ არის. ბუნებრივად აქვს ხარვეზი, ანუ უნარი ლიმიტირებული აქვს გამოავლინოს დაავადება. ამიტომ მთავარი აქცენტი არის PCR ტესტირება. ჩვენი მიზანია გარკვეულ ხანში მივიდეთ 100 ათასი PCR ტესტის ჩატარებამდე თვის განმავლობაში. ეს არის დაახლოებით, 3 ათასი ტესტი დღეში. დღეს ვატარებთ 1500 და ზოგჯერ მეტ ტესტსაც. ამის შესაძლებლობები უკვე არის, რადგან ბევრი PCR ტესტირების ლაბორატორიაა ჩართული პროცესში, მარაგების შევსება სისტემატურად ხდება. დაახლოებით, აგვისტოსთვის გვექნება 3 ათასზე მისვლის შესაძლებლობა და კიდევ უფრო გაიზრდება ტესტების რაოდენობა, როდესაც შემოვიტანთ ავტომატიზირებულ PCR ტესტირების აპარატს. ეს აპარატი შეძენილი გვაქვს და მისი საშუალებით 1300 ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი 24 საათის განმავლობაში. სექტემბერზე ადრე ამ აპარატის ჩამოტანა ქვეყანაში ვერ მოხერხდება.

- აპარატი ლუგარის ლაბორატორიაში იქნება თუ რომელიმე კერძო კლინიკაში?

- ეს იქნება სახელმწიფო ლაბორატორიაში, ლუგარის რომელიმე ფილიალში. გეოგრაფიულად სად განთავსდება, ამაზე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვეშ იქნება. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, გარკვეული დამხმარე მნიშვნელობა მათაც აქვს დაავადების საწყისი შეფასებისთვის. ვიყენებთ ორივე ტიპის სწრაფ ტესტებს - ანტიგენსაც და ანტისხეულსაც. ერთდროულად ამ ორივე ტესტის გამოყენება მის სარწმუნოობას ზრდის. ასევე მის გამოყენებას დამხმარე მნიშვნელობა აქვს ზოგადი პროფილის კლინიკებში. ზოგიერთ შემთხვევაში იქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის საჭიროა პასუხის მიღება და კლინიკები იყენებენ სწრაფ ტესტებს, თუმცა, ეს არ არის მასიური გამოყენება. თვის განმავლობაში 200 ტესტი ჩატარდეს ამ მიზნისთვის. სხვა მხრივ მათაც აქვთ ხელმისაწვდომობა PCR-ზე. ჩვენი მიზანია PCR ტესტირების შესაძლებლობის მაქსიმალური გაფართოება. იმედი გვაქვს, ეტაპობრივად სწრაფი PCR ტესტებიც გამოჩნდება ბაზარზე და უფრო სწრაფად გვექნება პასუხის მიღების შესაძლებლობა. სწრაფი ტესტებით ტესტირების გაფართება არ არის ჩვენი მიზანი.

- სექტემბერში, ახალი აპარატის შემოტანის შემდეგ ხომ არ ფიქრობთ, რომ სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოთ და მხოლოდ PCR-ს დაეყრდნოთ?

- ეს იქნება იდეალური ვარიანტი. ჩვენ დიაგნოსტიკისთვის სწრაფ ტესტებსარც ვიყენებთ, ეს ხდება PCR ტესტირებით. მეორე მხრივ სწრაფი ტესტების გაუმჯობესებაც ხდება. თუ სწრაფი ტესტის მახასიათებლები გაუმჯობესდა და ამ ტესტებმა მიიღეს აღიარება ავტორიტეტული ორგანოების მიერ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო პრაქტიკული და მოხერხებული იქნება გავაკეთოთ ეს ტესტები. მაგრამ ჯერჯერობით ეს სწრაფი ტესტები არ არის იმდენად სარწმუნო, რომ გადავიტანოთ აქცენტი მთლიანად სწრაფ ტესტებზე.

- ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი თვეში ორჯერ უნდა იტესტებოდეს, რაც თავიდან დავიცავით, შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები მოეშვნენ“. ხომ არ იქნება ექიმების ტესტირებებზე ახალი დირექტივები, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ე.წ. „საბურთალოს კლასტერის“ წყარო სწორედ მედპერსონალი გახდა?

- ჯერჯერობით მივყვებით მინისტრის ბრძანებას, სადაც სავალდებულო ტესტირების ჯგუფში არის განსაზღვრული ჯანდაცვის პროფესიონალები. კლინიკებთან უბრალოდ ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათ მეტი ყურადღება დაუთმონ ტესტირების პროცესის გამართვას. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, ეს არის უშუალოდ კლინიკებში PCR ტესტირების შესაძლებლობების განვითარება, რათა მათ უფრო მარტივი შესაძლებლობა ჰქონდეთ ტესტირების ჩატარების გრძელვადიან პერსპექტივაში. ოქტომბერ-ნოემბრის თვიდან ეს რეგულაცია ძალაში შევა. მანამდე მივყვებით იმას, რაც აქამდე არის. ამ კუთხით კლინიკებისთვის სანქციის ან სხვა მოთხოვნის დაწესება არ იგეგმება.

- კოვიდკლინიკებსა და „ცხელების ცენტრებთან“ დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. იმ ფონზე, როდესაც მოიკლო საავადმყოფოებში ინფიცირებულთა რაოდენობამ, რამდენად არის „ცხელების ცენტრების“ საჭიროება ამ რაოდენობით და ხომ არ შემცირდება მათი რაოდენობა?

- 1-ელი ივნისიდან გამოიცა მინისტრის ბრძანება, რომელიც მიუთითებს, რომ „ცხელების ცენტრებს“ შეუძლიათ აღადგინონ თავიანთი ჩვეული საქმიანობა ნებადართული სერვისების ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მიიღებენ პაციენტებს ცხელებით ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ ცხელების ზონაში, ასევე შეუძლიათ აწარმოონ სხვა პაციენტების მიღებაც. მაგრამ რა თქმა უნდა, მათ უნდა შეინარჩუნონ ცხელების ზონა და იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები ცხელებიანი პაციენტების მისაღებად. რაც შეეხება კოვიდის კლინიკებს, იგივე რეგულაცია დაგეგმილია, რომ ამოქმედდეს 15 ივნისიდან ანუ 15 ივნისიდან კოვიდის კლინიკებს შეუძლიათ ასევე განაახლონ საქმიანობა სხვა მიმართულებებითაც, მაგრამ მათ უნდა შეინარჩუნონ ძირითადად საწოლები იმისთვის, რომ მართონ პაციენტები კოვიდით, თუკი ამის საჭიროება დადგება. დღეს ჩვენ ჰოსპიტალში გვყავს 300 პაციენტი, რაც დაახლოებით 30%-ია ამ დროისთვის მობილიზებული ცხელების და კოვიდკლინიკების საწოლ ფონდისა. როგორც ხედავთ დატვირთვა არის. თუმცა, კლინიკების ასეთ რეჟიმში დიდი ხნით შენარჩუნება რაციონალურად ვერ ჩაითვლება. ამდენად, კლინიკები უსაფრთხოდ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან ჩვეულ საქმიანობას იმ დათქმით, რომ მათ ექნებათ ცხელების ზონა, სპეციალურად გამოყოფილი განყოფილება იმისთვის, რომ მიიღონ და მართონ, როგორც ცხელებიანი, ასევე კოვიდპაციენტები. ჯერჯერობოთ ეპიდემიოლოგიური სურათი ამ სცენარის განხორციელების საშუალებას იძლევა. თუ იქნება საჭირო დამატებით საწოლფონდის მობილიზება, იგივე ბრძანებაშია მითითებული, რომ კლინიკა ვალდებულია, სამინისტროს მითითების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სრული საწოლფონდის მობილიზება და ეს იქნება დაახლოებით, 24-საათიან ინტერვალში და მათ მოუწევთ სრული საწოლფონდის გათავისუფლება გარკვეული მობილიზება და მოქნილობა ამ მიმართულებით მოგვიწევს და მოგვიწევს დავაკვირდეთ ეპიდემიის განვითარების ტენდენციებს - რამდენად გაიზრდება ან შემცირდება ცხელების და კოვიდით დაავადებული პაციენტების რაოდენობა.

- საკარანტინო სივრცეებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, შესაძლებელია მათი რაოდენობის შემცირება?

- საკარანტინო ზონები ჯერჯერობით ძალიან დატვირთულია. დაახლოებით, 2500 ადამიანი იმყოფება საკარანტინო ზონებში. რა თქმა უნდა, იმდენი ადგილის მობილიზების აუცილებლობა მიმდინარე პერიოდში არ არის და ამ მიმართულებითაც ეტაპობრივად მოხდება გარკვეული გადაწყობა. დაგვრჩება მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ჩვენ დაგვჭირდება მიმდინარე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ჯერჯერობით კარანტინის საჭიროება არის და ამ მექანიზმის შენარჩუნება გარკვეული პერიოდი ისევ მოგვიწევს 100% -იანი დატვირთვით მაინც თუ არა 70-80%-იანი დატვირთვით მაინც.

- როგორც ვიცით, 15 ივლისიდან ქვეყანას საერთაშორისო ტურისტების მიღება შეუძლია. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ტურისტი, რომელსაც საქართველოში მოგზაურობის უფლება მიეცემა? რა შემოწმებას გაივლიან ისინი საზღვრის კვეთისას?

- მუშაობა მიმდინარეობს, როგორც კი პაკეტი დასრულდება, ესეც საჯარო გახდება. უკვე დასრულებულია მოთხოვნებზე მუშაობა და გამოქვეყნებულიც არის ტურისტული ობიექტებისთვის - სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის და იმ ადგილებისთვის, რომლებიც ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო იყოს. ეს გამოქვეყნდა უკვე, რათა ამ დაწესებულებებმა მომზადება მოასწრონ. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ ტურისტებს და რა მოთხოვნით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და როგორც კი გვექნება, გამოვაქვეყნებთ.

- კონკრეტულად რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ სასტუმროები ტურისტები რომ მიიღონ, ეს ცნობილია, თუმცა, გაურკვეველია, რა მოთხოვნები იქნება, მაგალითად ჰოსტელებისთვის და ტურისტული სახლებისთვის, სადაც ვთქვათ, რამდენიმე ოთახზე ერთი სველი წერტილით სარგებლობაა გათვალისწინებული. იქნება რაიმე კონკრეტული მითითებები, რას უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი? ან შემოწმდებიან თუ არა?

- ასეთ შემთხვევაში, თუ არ არის კონკრეტული რეკომენდაცია რომელიმე დაწესებულებისთვის, მათ უნდა იხელმძღვანელონ ზოგადი პრინციპებით. დისტანცირება და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა ყველასთვის თანაბრად არის სავალდებულო. რა კონკრეტული რეგულაცია იქნება ჰოსტელებთან მიმართებაში, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა დაზუსტდება, თუ ამის საჭიროება იქნება და ესეც გახდება იმ რეგულაციების ნაწილი, რომელიც აქამდე გამოიცა.

- ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აბიტურიენტებს, რომელსაც გამოცდის დღეს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდება, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ. რა კონკრეტულ რეკომენდაციებზე მუშაობთ? რას უნდა აკმაყოფილებდნენ საგამოცდო ცენტრები, რომ მიიღონ აბიტურიენტები? ან თვითონ აბიტურიენტები რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ?

- გამოცდებთან დაკავშირებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და ამ კვირის ბოლომდე დასრულდება დეტალების დამუშავება. ძირითადი პრინციპები არის ისეთი, რაც ყველა სხვა შემთხვევაში - უსაფრთხო დისტანციის დაცვა, ნიღაბი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა საგამოცდო სივრცეში. ეს არის ყველაზე ბაზისური. დანარჩენი დეტალები, როგორც კი დაზუსტებული გვექნება, გაგიზიარებთ.

- საუბარი იყო იმაზე, რომ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ცხელება დაუფიქსირდებოდათ, ცალკე კაბინები იქნებოდა გამოცდის ჩასაბარებლად. რამდენად განიხილავთ ამ საკითხს? ასევე ერთ სივრცეში მაქსიმუმ რამდენი აბიტურიენტის განთავსება იქნება შესაძლებელი?

- ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მუშაობა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ გამოიცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები საგანმანანათლებლო დაწესებულებებში კოვიდის პრევენციისთვის, ასევე არის ზოგიერთი სხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილებაც და ამაზე დაყრდნობით მუშავდება რეკომენდაციები. ყველა თქვენს კითხვაზე იქნება პასუხი, უბრალოდ, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, დავიცადოთ, დასრულდება ამ ყველფერზე მუშაობა და გაზიარდება საზოგადოებისთვისაც.

- რომ შევაჯამოთ, რა ოდენობის თანხა დახარჯა სახელმწიფომ კორონავირუსთან ბრძოლაში სამი თვის განმავლობაში?

- გამიჭირდება ზუსტი თანხის თქმა იმიტომ, რომ ჩვენ ჯანდაცვის სექტორში ახლა ვაკეთებთ შესრულების ანალიზს. გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ საბოლოო ციფრები დაზუსტდეს, რათა საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ. ახლა მიმდინარეობს კლინიკებთან მუშაობა და დაახლოებით 2 კვირის ვადაში დადგება ამ ანაზღაურების საკითხი.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა