თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის წყაროს პირველადი კონტაქტები მრავალია, ყველა მათგანი მოძიებულია და კვლევა გრძელდება.
„ახალი წყაროს გაჩენამ გარკვეულწილად ცოტა შიში გამოიწვია, რომ შეიძლება სიტუაცია უმართავი გამხდარიყო, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი კვლავ კონტროლს ემორჩილება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ე.წ. საბურთალოს წყაროს პირველადი კონტაქტები მრავალია, მაგრამ ყველა მოძიებულია, ყველა კარანტინში არის გადაყვანილი და მათ თანდათან კვლევა უტარდებათ. როდესაც 14 დღიანი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში გამოვლინდება დაავადება სხვადასხვა სიმპტომებით, ეს იქნება ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ამ პირების გამოკვლევა მაშინვე ჩატარდება, თუ არადა, გამოკვლევების ჩატარება მოხდება საკარანტინო დღეების გავლის ბოლო პეროდისთვის, რომ სწორად შეფასდეს პაციენტების ინფიცირების ხარისხი. ამ შემთხვევაში, ჩატარდება როგორც PCR, ასევე სეროლოგიური კვლევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ამ ორივე მეთოდოლოგიით ძალიან დაბალი რისკი გვექნება, რომ ინფიცირებული გამოგვეპაროს და ის შემდგომში დაავადების გავრცელების წყარო გახდეს“,-განაცხადა ეზუგბაიამ.
მან მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.
„ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური, დაავადებათა კონტროლის სამსახურის მეთაურობით ზედმიწევნით კარგად ასრულებს თავიანთ საქმიანობას, ეს შედეგებზეც აისახება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მგონია, რმ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა მოდუნდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა აუცილებელი ღონისძიება უნდა გატარდეს, რომელიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არის. თავყრილობებს უნდა მოვერიდოთ, აუცილებლად პირბადებით უნდა ვიაროთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ადამიანი არ უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით სატრანსპორტო საშულებებს ეხება, სადაც გარკვეუწილად იმაზე მეტი ხალხია, ვიდრე დასაშვებია, აღნიშნულის გათვალისწინებით, თითოეულმა მოქალაქემ ისევე, როგორც ეპიდემიის დასაწყისში იყო, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, კვლავ გავითავისოთ ეს და შევინარჩუნოთ ის შედეგები, რაც ახლა გვაქვს, არ გავაუარესოთ მდგომარეობა“,-განაცხადა ეზუგბაიამ.