ქარელის ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 19 აპრილს სრულად გამოცხადდა ე.წ. ცხელების ზონად, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. კლინიკაში არსებულ მდგომარეობას შიდა ქართლის გუბერნატორი ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
,,დღეის მდგომარეობით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება, ამიტომ, ეს კლინიკა, რომელიც 19 აპრილიდან მთლიანად წარმოადგენდა ე.წ. ცხელების ზონას, უბრუნდება სტანდარტულ სამედიცინო რეჟიმს და სერვისებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თუ იქნება ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაცია, აქ მოქმედებს იზოლირებულად ბოქსირებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდზე საეჭვო პაციენტების მართვას. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მედპერსონალს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მაღალი რისკის შემცველ გარემოში უწევდათ მუშაობა და აბსოლუტურად თავდაუზოგავად და პროფესიონალურად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
19 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე, ,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურმა საავადმყოფომ ცხელების ზონის სტაციონარში 260 პაციენტი მიიღო. კლინიკის გენერალური დირექტორის, ვასილ ჭეიშვილის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა 335 ნიმუში, მათ შორის 75 - სამედიცინო პერსონალის, ასევე, გაკეთდა 64 სწრაფი ტესტი და არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა.