კახა კალაძე - ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ორ პროვოკატორს მცდელობა ჰქონდა, არეულობა შემოეტანა - თუ შსს ჩათვლის, რომ ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გამოძიება უნდა დაიწყოს

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში ძალადობას ჰქონდა ადგილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ის ამტკიცებს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროვოკატორებს მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩაშლა სურდათ, რაც არ გამოუვიდათ. რაც შეეხება ერთ-ერთი აქტივისტისთვის შემოხეულ მაისურს, კალაძის თქმით, „ალბათ თავად შემოიხია, რადგან პროვოკაცია ვერ მოაწყო”.

„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს, კალაძის განცხადებით, ეს მათი უფლებაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკოაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა”, - განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ.მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია".

აქტივისტებმა კახა კალაძის წინაღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა