გია ბენაშვილი - შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, რადგან დიდია ალბათობა, რომ ქვეყანა სავალალო შედეგების წინაშე დადგეს

მთავრობის დადგენილებით, ათ კაცზე მეტი პირის შეკრება ღია სივრცეში აკრძალულია კულტურული სპორტული და ტრადიციული ღონისძიებებისთვის. ამ აკრძალვაში ექცევა ქორწილები და ქელეხები. მაშინ, როდესაც რესტორნებსა და კაფეებში ყველა სახის მომსახურება უკვე აღვადგინეთ მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვით, რატომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამას და მოსახლეობას მივცეთ საშუალება, შესაბამისი წესების დაცვით, ჩაატარონ ქორწილები და ქელეხები“, - აღნიშნული კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ბენაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორებს მიმართა.

მან პანდემიის პირობებში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მხრიდან გამოჩენილ მაღალ თვითშეგნებასა და ხელისუფლების მიერ გადადგმულ კონკრეტულ, ძალიან ეფექტური ნაბიჯების გარშემო კონსოლიდაცას გაუსვა ხაზი.

„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, აღსანიშნავია ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მაღალი თვითშეგნება და კონსოლიდაცია ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული, ძალიან ეფექტური ნაბიჯების გარშემო, რამაც საშუალება მოგვცა ჯერ შეგვეჩერებინა, შემდეგ კი გაგვეკონტროლებინა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები იმ ფონზე, რაც ამ მიმართულებით მსოფლიოში ხდება განსაკუთრებით კი, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება“, - განაცხადა გია ბენაშვილმა.

მან მეზობელ ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი.

„სომხეთში დაავადებულთა რაოდენობა 13 600-ზე მეტია, გარდაცვლილია -217; აზერბაიჯანში დაავადებული 7500-ზე მეტია, გარდაცვლილია -88; რუსეთში დაავადებული 406 ათასზე მეტი, გარდაცვლილია- 4700; თურქეთში დაავადებული 172 ათასზე მეტია, გარდაცვლილია 4729 ადამიანი. ამ პირობებში, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ საქართველოში კოვიდ 19-ით, დღეის მდგომარეობით, დაავადებულია მხოლოდ 822 ადამიანი. სამწუხაროდ, გარდაცვლილია- 13. საქართველო კოვიდ 19-თან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს არაერთხელ იქნა აღნიშნული ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა გია ბენაშვილმა.

მისი თქმით, ეს შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული რომ არა ხელისუფლების 24- საათიანი თავდაუზოგავი მუშაობა, მთავრობისა და პარლამენტის მიერ შემოთავაზებული შესაბამისი რეგულაციები, რასაც ჩვენი მოსახლეობის უმცირესობის უკმაყოფილების მიუხედავად, უმრავლესობა მაინც გაგებით შეხვდა. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„დღეს, როდესაც შემოღებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია, ქუჩაში გავლისას შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კორონავირუსი დამარცხებულია და აღარ არის საჭირო იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც გვირჩევენ ეპიდემიოლოგები. არადა, ზუსტად ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით ზუსტად დაცვა - პირბადის ტარება იქნება ეს, სოციალური დისტანცირება თუ სხვა რამ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეპიდემიური სიტუაცია გაგვექცეს ხელიდან, ვეღარ გავაკონტროლებთ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს და რაც აქამდე გაგვიკეთებია ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ქვეყანა სავალალო შედეგების წინაშე დადგება, მითუმეტეს, როდესაც დარგის სპეციალისტები კორონავირუსის მეორე ტალღას შემოდგომაზე გვიანონსებენ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში