ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა ზრდის ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან

დინამიური მონაწილეობა მრავალმხრივ საერთაშორისო წვრთნებში ზრდის ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში გადასროლის წინა მოსამზადებელ წვრთნებსა და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო წვრთნაზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ ისაუბრა.

„ამერიკელ სამხედროებთან ერთად ვატარებთ ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ქართული კონტინგენტის გადასროლისწინა მოსამზადებელ წვრთნებს. ეს წვრთნები დღემდე, მხოლოდ გერმანიაში ტარდებოდა. სერტიფიცირების კომპონენტის საქართველოში მასპინძლობა მიუთითებს, რომ თავდაცვის ძალებს უკვე აქვს შესაძლებლობა სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო მისიების გადასროლისწინა მომზადების წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ საერთაშორისო დონის გადასროლისწინა წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სექტემბერში დაგეგმილია ქართულ-ამერიკული საერთაშორისო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც მონაწილეობას ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც მიიღებენ.

„სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, საშტაბო-სამეთაურო სწავლებები, მაგალითად როგორიც იყო ნატო-საქართველოს სწავლება, მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენი სამხედროების მომზადების დონე არის ძალიან მაღალი და თავსებადი ნატოს მოთხოვნებთან. ჩვენი ყველა თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, მიმართულია რესურსების მაქსიმალური კონსოლიდაციითა და სწორი მართვით, თავდაცვის ძალების გაძლიერებისკენ, ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებისკენ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისაგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი