მამუკა მდინარაძე - სუს-მა აღკვეთა უსერიოზულესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში არეულობას - ერთი მხარეა, ეს ქმედება საიდან დაიგეგმა და მეორეა - ვის აწყობდა, ვის ინტერესებში ჯდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სუს-მა უსერიოზულესი დანაშაული აღკვეთა, რომელიც არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. მდინარაძის თქმით, ეს რუსეთთან ერთად, იმ ადამიანებსაც აწყობდათ, ვის ინტერესშიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა შედის.

„სუს-მა აღკვეთა უსერიოზულესი დანაშაული და მადლობის მეტი არცერთ მოქალაქეს არაფერი ეთქმის. ამ მძიმე დანაშაულის მიზანი არ შეიძლება მიმართული ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანისკენ. ეს მიმართული იყო სახელმწიფოსკენ, მისი სტაბილურობისკენ და საბოლოო მიზნადაც ისახავდა იმას, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო. ამისი ერთერთი „შემოქმედი" არის რუსეთი. ეს უკვე დადასტურებულია და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სხვა ვის ინტერესებში ჯდება ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ვინც მისმენს, თითოეული ადამიანი, ალბათ, დასკვნას თავის თავთან გააკეთებს. მემგონი ბევრი კამათი ამ თემას არ სჭირდება. მე არსაითკენ არ მიმყავს საუბარი. აქ 100%-იანი სიზუსტით ინფორმაცია შეიძლება მეც არ მქონდეს, მაგრამ ერთი მხარეა, ეს ქმედება საიდან დაიგეგმა და მეორე მხარეა - ვის აწყობდა, ვის ინტერესებში ჯდებოდა. ეს ინტერესების თანხვედრა შემთხვევითია, არ არის, უბრალოდ ინტერესების დამთხვევაა თუ რა არის, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთება არ შეიძლება,"- განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის „ნაციონალურ მოძრაობას", მდინარაძემ უპასუხა, ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინაიდან ჟურნალისტებმა „უმალ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ჰკითხეს.

„რატომ მკითხეთ მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობა"? მე ვთქვი, რომ ეს ასევე შედიოდა მათ ინტერესებში, ვისაც აწყობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ქაოსი და არეულობა. თქვენ კი უმალვე დამიბრუნეთ კითხვა, მივანიშნებ თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაზე". ამით ყველაფერი ნათქვამია, თუმცა მე მაინც და მაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე" არ მივანიშნებ," - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა