20 ივნისიდან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორების მიღებას იწყებს

20 ივნისიდან ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეემატება. ქვეყნის შიგნით მოგზაურების მომსახურებას მიმდინარე კვირიდან განაახლებს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალიც.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ანტიკური პერიოდის ციხე-ქალაქი ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ ათას ვიზიტორს მასპინძლობს. გასული წლის სტატისტიკით, უფლისციხე 350 000-მა ტურისტმა მოინახულა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრა და ტურისტული ობიექტის გახსნამდე, ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, სააგენტო უკვე მზადაა აღნიშნული სივრცეები ჯანდაცვითი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ეტაპობრივად გახსნას.

„ტურისტული ნაკადების გაზრდის სტიმულირებისთვის სააგენტომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების სატარიფო განაკვეთების შემცირებისა - მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვიზიტორებითვის სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ბილეთის ფასი განახევრდება. ამავდროულად, სააგენტოს აქტიური ძალისხმევით მომდევნო წლიდან ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებს ახალი მიმართულებებიც შეემატება“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

შიდა ქართლის ტურისტულ მარშრუტებს სულ მალე შეემატება რესტავრირებული და ორიგინალური ატრაქციებით გამრავალფეროვნებული სხვილოს ციხე. ამასთან, სრული დატვირთვით ამოქმედდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციით იქნება აღჭურვილი.

„როგორც მოგეხსენაბათ, შიდა ქართლში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში შიდა ტურიზმის სეზონი გახსნილად გამოცხადდა. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ღია სივრცის გათვალისწინებით ერთ-ერთი პირველი მუზეუმი იქნება, რომელიც საქართველოში გაიხსნება. მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ მუზეუმის ადმინისტრაციის და ჩვენი ერთობლივი შეთანხმებით მუზეუმში ვიზიტორებისთვის ბილეთის ღირებულება განახევრდა. შიდა ქართლში ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, ემატება არაერთი ახალი ტურისტული ლოკაცია, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ რეგიონმა კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს უმასპინძლოს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში გიგი ხოჯევანიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი