გიგა ბოკერია განმარტავს, თბილისში არსებული 8 მაჟორიტარული ოლქიდან, ოპოზიციურმა პარტიებმა ორში საერთო კანდიდატები რატომ არ წარადგინეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თბილისში არსებული 8 მაჟორიტარული ოლქიდან 2-ში ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო კანდიდატები იმიტომ არ წარადგინეს, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ან საზოგადოებრივმა ფიგურებმა საკუთარი კანდიდატის დაყენება შეძლონ.

როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ამ ორ ოლქში მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები არ გამოჩნდებიან, შესაძლოა, ოპოზიციაში ამაზე იმსჯელონ.

„ეს სპეციალურად მოხდა, იმიტომ, რომ არიან სხვა პოლიტიკური ძალები, საზოგადოებრივი ფიგურები, რომლებიც, შესაძლოა, განხილულნი იყვნენ, როგორც მომგებიანი კანდიდატები ამ ორ ოლქში, ჩვენ ვუდგებით ასე და არა კვოტებით. ჩვენ ვუდგებით ისე, კონკრეტული ოლქებში მოხდეს იმ ფიგურების შერჩევა, რომლებიც შეძლებენ სხვა პარტიების მხარდაჭერის შემთხვევაში დამატებითი მხარდაჭერის მოპოვებას, რომ აშკარა უპირატესობით მოიგონ პირველ ტურში. ასე მივუდგებით ამ ორ ოლქსაც - საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთს.

„ლელო“ ამ შეთანხმების ნაწილი არასოდეს იყო. არაფერი აურევიათ. თუ იქნა „ლელოდან“ ან რომელი სხვა ძალიდან, ან თუნდაც არაპარტიული საზოგადო ფიგურა, რომელიც ამ პოლიტიკური ძალებისთვის არის მისაღები მეტ-ნაკლებად მაინც და შეძლებს პირველივე ტურში ივანიშვილის კანდიდატის დამარცხებას, ეს არის ჩვენი ამოცანა. ამისთვის დავტოვეთ ეს ორი ოლქი.

საბურთალო და დიდუბე-ჩუღურეთი სპეციფიური ოლქებია და აქ თუ გამოჩნდება პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ფიგურა, არა ჩვენი თანამოაზრე, მაგრამ ვინც იზიარებს მიდგომას, რომ პროპორციულობა გვინდა, რომ კოალიციური მთავრობა უნდა შედგეს, რომ უნდა ვისწავლოთ რთული კომპრომისები, რომელსაც აქვს ცნობადობა და მომგებია პირველ ტურში, ამ ნიშნით ორი ოლქის დატოვება არის აბსოლუტურად ლოგიკური. ვინც წარდგენილია - ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, გიორგი ვაშაძე და შალვა ნათელაშვილი, არიან ხმების შემკრებები სხვებთან შედარებით ოლქისთვის, ასეთ ფიგურებს ვიპოვით ორ ოლქში „ლელო“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა “,- განაცხადა ბოკერიამ.

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემის ცვლილება პარლამენტმა ჩააგდო, ბოკერიას თქმთ, ოპოზიცია ამისთვის მზადაა.

„თუ უტიფარ ნაბიჯს გადადგამს ივანიშვილი და ისევ დაავალებს თავის მაჟორიტარებს, რომ ცვლილება ჩააგდონ, ჩვენ ბოიკოტს გავაგრძელებთ, მაგისთვისაც მზად ვართ. თუ აქვს ილუზია რომ ამით გადარჩება, ეს სისულელეა“,- განაცხადა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს