გიორგი აბაშიშვილი - დისტანციური სწავლების შესახებ კვალიფიციური დისკუსია პირველებმა გავხსენით, ჩვენი რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილია გათვალისწინებული

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულმა ბიზნეს კვლევების სახლმა პირველი კვლევა ჩაატარა, რომელიც საქართველოში ელექტრონულ/დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას შეეხება და აღნიშნული მიმართულებით პირველ კომპლექსურ კვლევას წარმოადგენს. პანდემიის პერიოდში რა გამოწვევები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების კუთხით საკანონმდებლო დონეზე და როგორია ბიზნეს კვლევების სახლის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი ესაუბრა.

- რა მიმართულებებს მოიცავს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული კვლევა?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს კვლევების სახლის მიერ ჩატარებული საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური განათლების (e-learning) სისტემის გამოყენების სარგებლისა და გამოწვევების შესახებ კვლევა, პირველი კომპლექსური კვლევაა აღნიშნულ თემაზე, რომელიც მანამდე არასოდეს ჩატარებულა. კვლევა მოიცავს არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ვითარების პრაქტიკულ ანალიზს, რომელიც შეიქმნა ახალი კორონავირუსის COVID-19 წარმოქმნის გამო, არამედ არსებულ ვითარებამდე უმაღლესი განათლების სისტემაში ელექტრონული/დისტანციური განათლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ხარვეზების ანალიზს. ასევე საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის კანონმდებლობის მიმოხილვას. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულ თემაზე დისკუსია გავხსენით, თუმცა ეს არის კვალიფიციური დისკუსიის გახსნა ფაქტებზე დაყრდნობით.

კვლევის ფარგლებში დეტალურად არის მიმოხილული წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა და წამყვანი უნივერსიტეტების მაგალითები. ამასთან, კვლევაში შესწავლილია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პოტენციური დანახარჯები სახელმწიფოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. კვლევა აჩვენებს სახელმწიფოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და დისტანციური განათლების მსურველების პოტენციურ სარგებელს. ეს ყოველივე მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებების მომგებიანობის ზრდას და ჯამში ქვეყნისთვის მშპ-ის შესაბამისი კომპონენტის ზრდას.

- იმის გათვალისწინებით, რომ დისტანციური სწავლების მასშტაბური გამოყენება შედარებით ახალია საქართველოსთვის, რა გამოწვევები იკვეთება სწავლების სხვადასხვა საფეხურზე რამდენად პასუხობს საქართველოში დისტანციური სწავლების კუთხით არსებული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს?

- ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით ჩვენს კანონმდებლობაში ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პანდემიამ დაგვანახა სწორედ ეს პრობლემები და გვაჩვენა აუცილებლობა აღნიშნული პრობლემების მოგვარების. სწორედ ბიზნეს კვლევების სახლმა პირველად შეძლო ყველა ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება და გაზიარება მთავრობისათვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია. კერძოდ, 15 ივნისს “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, კანონში გაჩნდა ჩანაწერი დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. ამით, მნიშვნელოვნად შეიცვალა განათლების სისტემაში ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული მიდგომა. ტერმინი - დისტანციური სწავლება განსხვავებით ელექტრონული სწავლებისგან, არ აწესებს რაიმე სახის ტერიტორიულ შეზღუდვას მასში მონაწილე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ცვლილებები არ შეხებია ელექტრონულ სწავლებას, შესაბამისად, ელექტრონულ სწავლების მონაწილე (სტუდენტი) პირი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე და ამავდროულად ისევე ელექტრონული სწავლება დასაშვებია მხოლოდ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურზე. მაშინ როდესაც დისტანციური სწავლება შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე.

განხორციელებულ ცვლილებაში ნაწილობრივ აისახა ჩვენი რეკომენდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით ელექტრონულ სწავლებასთან მიმართებით ტერმინის დაკონკრეტებაზე, გაჩნდა ახალი ტერმინი -„დისტანციური სწავლება“, მოხდა ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნა, ასევე მისი დაშვება სამივე საფეხურზე.

- როგორ აისახება საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზები დისტანციური სწავლების პროცესზე, სწავლების ხარისხზე და კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რა რეკომენდაციები გაქვთ?

- ვფიქრობ მნიშვნელოვნად აისახება. თითოეული უნივერსიტეტი ფაქტობრივი საკანონმდებლო ხარვეზების პირისპირ აღმოჩნდა და ყველას მოუწია ფორსმაჟორული მოქმედებების განხორციელება. კვლევის ფარგლებში ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებლის მენეჯმენტს ვესაუბრეთ და პრობლემები თითქმის იდენტური იყო. უფრო კონკრეტულად, ჩვენი მეორე რეკომენდაცია დაკავშირებული იყო დისტანციური სწავლების აღიარებასთან და ხაზს ვუსვამდით, რომ ინტერნაციონალიზაციის, სტუდენტების საერთაშორისო მობილობისა და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს და დაინერგოს დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მექანიზმები. შესაბამისად, მიზანშეწონილია ცვლილების განხორციელება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1-ელი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში.“ ამ მიმართულებით რა ცვლილებაც განხორციელდა, გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ სტუდენტებს, რომლებმაც პანდემიის გამო მიიღეს უმაღლესი განათლება დისტანციურად, აღნიშნული მიზეზით არ შეექმნებათ პრობლემები მიღებული განათლების აღიარების ნაწილში. კანონში კი აღნიშნულია: „ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას, თუ განათლება უცხოეთში დისტანციური ფორმითაა მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისტანციური ფორმით განათლება მიღებულია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად.” ამ მიმართულებით ისევ აქტუალურია ჩვენი რეკომენდაცია და მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების განხორციელება. სწორედ ამიტომ, მოქმედებები კომპლექსური უნდა იყოს და არა ცალკეული პრობლემებიდან გამომდინარე.

ასევე გვქონდა რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ელექტრონული/დისტანციური ფორმით განხოციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გარე ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს აკრედიტაციის სტანდარტებით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების/მტკიცებულებების ადაპტირება. ამასთან, მიზანშეწონილია მომზადდეს სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს პროგრამის შემუშავებისა და განვითარების პროცესში უკეთ გაიაზრონ ელექტრონული/დისტანციური ფორმით ორგანიზებული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, მნიშვნელოვანია აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის გადამზადება ელექტრონული/დისტანციური სწავლების ფორმით ორგანიზებული პროგრამების შემოწმების თავისებურებების გათვალისწინებით.

ამ მიმართულებით არაფერი ახალი ჯერჯერობით არ შემოუთავაზებია მთავრობას, ცვლილებებს შესაბამისად ვთვლით, ველით, რომ უახლოეს მომავალში გათვალისწინებული იქნება. ამასთან, კვლევაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს აქვს შეფარდებითი უპირატესობა, რომ უფრო მეტი საერთაშორისო სტუდენტი მიიღოს გამართული საკანონმდებლო ბაზის პირობებში.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რა მიმართულებით აპირებს მუშაობას ბიზნეს კვლევების სახლი?

- ბიზნეს კვლევების სახლი კვლავ გააგრძელებს ბიზნესისათვის, ეკონომიკის სფეროს მიმართულებით აქტუალური საკითხების კვლევას. ვეცდებით, გამოვკვეთოთ ისეთი ექსკლუზიური სფეროები, როგორიც ეს ჩვენს პირველ კვლევაში იყო. ჩვენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით ვმუშაობთ თემატური კვლევების განვითარების მიმართულებით. ამასთან, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტთან ერთად უკვე ვატარებთ კვლევას, რომელიც შეეხება ქვეყანაში COVID 19-ით გამოწვეული შოკის ეკონომიკური და სოციალური შედეგების შეფასებას მაკროეკონომიკური მოდელირების საშუალებით. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნება გაეროს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზირების მოდელი (WEFM), რომელიც რეალური და პრაქტიკული ანალიზის საფუძველს იძლევა.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა