არასამთავრობო ორგანიზაციები - საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება მისასალმებელია, მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება.

როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება 2020 წლის არჩევნების წინ ქვეყანაში სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია და არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ ცვლილებების მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 8 მარტის შეთანხმება, საარჩევნო სისტემის საკითხის გარდა, ასევე ითვალისწინებდა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზაციისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების საკითხის გადაჭრას. გასულ კვირაში პოლიტიკური დიალოგის საერთაშორისო ფასილიტატორების მიერ გაკეთებული განცხადება მკაფიოდ მიანიშნებს, რომ შეთანხმების ეს ნაწილი სრულად შესრულებული არ არის.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას, უზრუნველყოს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რათა გამოირიცხოს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით ანგარიშსწორებისთვის გამოყენების განცდა და ამასთან, დროულად და დაბრკოლებების გარეშე იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

იმის გათვალისწინებით, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში სტაბილური, უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია, ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად და გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დროულად დამტკიცდეს," - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია