პოსტპანდემიური გადაწყობა და მდგრადი განვითარების ორიენტირები

სოციალ-დემოკრატებს პრინციპულად მიგვაჩნია, რომ კრიზისის შემდეგ ჩვენც, როგორც ქვეყანას, და მთელ მსოფლიოსაც უბრალოდ იმ წერტილიდან აღდგენა კი არ გვესაჭიროება, სადაც პანდემიის გამო გავჩერით, არამედ სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ახლებურად მოწყობა. არა „რესტარტი“, არამედ „რესეტი“. რომც შეგვეძლოს, ჩვენ აღარ უნდა მივუბრუნდეთ „ეკონომიკური ზრდის“, „სოციალური უზრუნველყოფის“ და „გარემოს დაცვის“ პოლიტიკების ძველ ინერციას.

როგორ გვესახება ახალი სტრატეგია და როგორი განვითარება გვინდა?

პირველ რიგში, ქვეყნის და საზოგადოების მატერიალური კეთილდღეობის განმსაზღვრელ მთავარ კრიტერიუმად და მიზნად აღარ უნდა გვქონდეს ისეთი მოძველებული და არაადეკვატური მაჩვენებელი, როგორიც არის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP). ის ყველანაირი ეკონომიკური აქტივობის, წარმოებისა და მოხმარების ხარჯების ფულად-რაოდენობრივ ინდიკატორს უფრო წარმოადგენს, ვიდრე მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობის მდგომარეობისა თუ პროგრესის განმსაზღვრელს.

დიდი ხანია არის მსჯელობები, რომ მშპ-ის ნაცვლად დაადგინონ და გამოიყენონ ალტერნატიული რაოდენობრივი ან კომპოზიტური თვისებრივი მაჩვენებლები. მაგალითად, - მდგრადი სოციალური ეროვნული წმინდა პროდუქტი (SSNP). მისი შემოღება არის მცდელობა, გაიზომოს ეკოლოგიურად და სოციალურად ჯანსაღი ეკონომიკური განვითარება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის შემოსავლები განაწილებული საზოგადოებაში, როგორია კმაყოფილების ხარისხი და სხვ. ამიტომ საჭიროა, საზოგადოების კარგადყოფნის (Well Being) ხარისხი შეფასდეს ინდიკატორებით, რომლებიც ასახავს ადამიანისთვის დამახასიათებელ, ისეთ არსებით მიმართებებს, როგორიცაა ყოფნა (ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა...), კეთება (დასაქმება, უმუშევრობა), ქონა (შემოსავლები, ქონება...), ურთიერთობა, უსაფრთხოება. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება მდგრადი განვითარების მიზნებსა (SDG, 17) და ქვეყნების ბედნიერების ინდექსაციაზე.

ზემოთაღნიშნული კომპოზიტური მაჩვენებლების დახვეწა, ახსნა და პოლიტიკურ დისკუსში გამოყენება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთან „გაპიარებული“ ბიზნესის კეთების (Doing business) და ეკონომიკური თავისუფლების-შეზღუდული დანიშნულების, არა საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული, ცოტას მთქმელი ინდექსები.

დღეს ყველაზე თვალშისაცემი ტენდენციაა მსოფლიო ღირებულებათა ჯაჭვის რღვევა, რის გამოც ანალიტიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ პოსტკრიზისული მსოფლიო ეკონომიკის უმთავრესი მახასიათებელი იქნება დეგლობალიზაცია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ (WTO) კეთდება პროგნოზი 2020-ში საერთაშორისო ვაჭრობის 13-32 % ფარგლებში შემცირებისაც.

ასეთი მდგომარეობა გვიბიძგებს - და სასურველიცაა, რომ წავიდეთ - ეკონომიკის ავტარქიულობის, თვითუზრუნველყოფა-თვითდაყრდნობადობისაკენ, როგორც ქვეყნ(ებ)ის, ისე რეგიონების, ქალაქების და სოფლების დონეზეც კი. თვითუზრუნველყოფა-თვითდაყრდნობადობის ტენდენცია გულისხმობს და თავის თავში მოიცავს: ლოკალური ეკონომიკების განვითარებას ახალი ცოდნებისა და ტექნოლოგიების საფუძველზე; ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას თანამედროვე, მწვანე ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების საფუძველზე, ქვეყნის „სასურსათო ავტონომიურობას“, ანუ საკვებით არსებით თვითუზრუნველყოფას, ადგილობრივი რესურსების მდგრად გამოყენებას მ.შ. სამრეწველო მიზნებით და ა.შ. რაც შეეხება საერთაშორისო ვაჭრობას, იგი უფრო შერჩევითი, სამართლიანი და სიმეტრიული უნდა გახდეს, მათ შორის - პროტექციონისტური პოლიტიკითაც და ემსახურებოდეს ქვეყნის განვითარებას და რაციონალურ მოხმარებას. ადგილობრივ მეურნეობაზე აქცენტირება კი ეკონომიკას გახდის სოციალურად და ეკოლოგიურად უფრო პასუხისმგებლიანს - მდგრადს და უფრო ჩართულს.

საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისა და პოსტკრიზისული განვითარების გეგმებში არ შეიძლება მოხდეს ევროპის მწვანე შეთანხმების (EGD) პოლიტიკის (რაც მიღებულია პოსტკრიზისული აღორძინების პროგრამის „გულად“) იგნორირება. არ შეიძლება, გავაგრძელოთ „ბიზნესი, როგორც ასეთი“ (Business as Usual) და ხელიდან გავუშვათ ჩვენი მდგრადი მომავლის საფუძვლების შექმნის ისტორიული შანსი.

მდგრადი განვითარების სოცილური ასპექტის განხილვისას უმნიშვნელოვანესია პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გააქტუალურებული დასაქმების და შრომის ხასიათის და შეფასების რეკონცეპტუალიზაციის საკითხი. ჩვენ არ უნდა გვქონდეს „სრული დასაქმების“ მოლოდინი. ეს ეპოქა, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა.

დიდ საწარმოებში და სერვისკომპანიებში სპეციალიზებულ-კვალიფიციურ, ფორმალიზებულ, დაქირავებით ანაზღაურებად შრომას ვეღარ ექნება დასაქმების დომინანტური ფორმა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საქართველოში თვითდასაქმებულთა წილმა 2019 წლის მონაცემებით დასაქმებულთა 50%-ს გადააჭარბა, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა მესამედზე მეტი არაფორმალურად იყო დასაქმებული. სხვათა შორის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არაფორმალური ანაზღაურებადი შრომის აღრიცხვა, არამედ ფულით აუნაზღაურებადი შრომის სათანადოდ აღრიცხვისა და შეფასება-დაფასების საკითხიც.

ინფექციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შრომა სახლიდან გაუსვლელად და დისტანციურად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამის პრაქტიკა ადრეც არსებობდა და ახლა კიდევ უფრო გააქტუალურდა, განსაკუთრებით განათლების, გარკვეული მიმართულების, კვლევების და მართვის სფეროებში.

ეგრეთ წოდებულმა გიგ-ეკონომიკამ (gig economy, gigwork), მასში სულ უფრო მეტი მონაწილის ჩართულობით, მნიშვნელოვნად შეცვალა თანამედროვე ბიზნესლანდშაფტი. მართალია, ჩვენთან არ ხდება აღრიცხვა-კვლევები ამ მიმართულებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი სწორედ ამ კატეგორიაშია გასაყვანი, რაც აუცილებელს ხდის ამ მიმართულების სტატისტიკურ აღრიცხვას და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას.

კრიზისის პერიოდში სოციალური მდგრადობის შენარჩუნების საკითხმა ბუნებრივად განაახლა დისკუსია სოციალური უსაფრთხოების ბადის ისეთი მექანიზმის გამოყენებაზე, როგორიცაა უნივერსალური საბაზისო შემოსავალი (UBI, უსშ), რაც არსებითად გულისხმობს თითოეული მოქალაქის გარანტირებული საბაზისო შემოსავლით უზრუნველყოფას, ანაზღაურებადი სამუშაოს ქონის მიუხედავად (როგორც ადამიანის უნივერსალურ უფლებასაც კი). ანალიტიკოსები, პოლიტიკოსთა ნაწილი და საერთოევროპელი სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ საბაზისო შემოსავალი უნდა გახდეს კრიზისის დასაძლევად შემუშავებული სტიმულირების პაკეტების მნიშვნელოვანი ელემენტი, რომ ამ კრიზისიდან უნდა აღმოცენდეს ახალი სოციალური კონტრაქტი, რომელიც დააბალანსებს ღრმა უთანასწორობას, უზრუნველყოფს სოციალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ამისათვის კი საჭირო გახდება უსშ-ს მორგება სოციალური უზრუნველყოფის არსებულ სისტემაზე, სამართლიანი დაბეგვრის სისტემის ამოქმედება და ა.შ.

მოწინააღმდეგეთა მტკიცება, რომ უსშ ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას და გამოიწვევს ქრონიკულ საბიუჯეტო დეფიციტს, ბათილდება იმით, რომ განუზომელია შოკების დროს სოციალური სტაბილურობით შექმნილი დადებითი ეფექტი. ასევე ვერ გამოდგება არგუმენტად შრომის სტიმულის დაკარგვის შიში, თუ უსშ სქემა გონივრულად არის აწყობილი. საინტერესოა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში უნივერსალურ საბაზისო შემოსავალთან დაკავშირებით გაისმის საგანგებო, რადიკალური წინადადებებიც, მაგალითად, მოთხოვნის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად მოხდეს ფულის ინიექცია ეკონომიკაში პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლებისა და ზედმეტი პროცედურების გარეშე, ევროზონის ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის 3-6 თვის განმავლობაში 350 ევროს დარიგება, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს და რამდენს გამოიმუშავებს (350 ლარი საქართველოს ბიუჯეტს სამი თვით 12%-მდე დაუჯდებოდა). ამ ფულზე (helicopter money) პასუხისმგებელი უნდა იყოს ევროპის ცენტრალური ბანკი. მიაჩნიათ, რომ ასეთი უპირობო უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შემოღება (UUBI) იქნებოდა ეფექტური საშუალება არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, არამედ-ისტორიული მომენტი ევროპელი მოქალაქეების სოციალური თანადგომის და სოლიდარობის ისტორიაში.

სოციალ-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ახლა საქართველოსთვის სწორედაც დროულია, გაიმართოს დისკუსია და დებატები უნივერსალური საბაზისო შემოსავლის შემოღებაზე, რადგან იგი თავისთავად გამოიწვევს ისეთი თემების განხილვის აუცილებლობასაც, როგორებიც არის: სამართლიანი საგადასახადო სისტემა, უთანაბრობა, პროგრესული გადასახადი, მინიმალური ხელფასი, უმუშევრობა, სიღატაკის აღმოფხვრა, კეთილდღეობის სახელმწიფო და სხვა სისტემური საკითხები.

ეპიდემიით გამოწვეული დახურვის პირობებში მკვეთრად იზრდება სახელმწიფოს როლი, ძალაუფლების ხარისხი და - შესაბამისად - იქმნება პირობები და ჩნდება შანსი შედარებით სწრაფი და იოლი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისათვის. მთავარია, არსებობდეს სწორი ხედვები, მათ შორის საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის მიერ გაცნობიერებული სახელმწიფოს მისია, რაც სრულიად დაკნინებული იყო ბოლო 40 (ჩვენთან 30) წლის განმავლობაში - laissez-faire: „მიუშვი ბაზრის“ დოქტრინის გავლენით.

ჩვენთვის გარდაუვალი აუცილებლობაა ეკონომიკური განვითარების საქმეში სახელმწიფოს როლის გადააზრება. სახელმწიფო თანაბრად უნდა უწყობდეს ხელს, როგორც შინამეურნეობებს -ოჯახებსა და მათ წევრებს, ისე საყოველთაო სიკეთეებს (commons), ბაზრებსა და ინოვაციებს.

სასიამოვნოა, აღვნიშნოთ, რომ სულ ახლახანს საქართველოს მთავრობამ, რომელიც, წინამორბედების მსგავსად, პრაქტიკულად ნეოლიბერალურ პოლიტიკას ატარებდა, კორონაკრიზისის ფონზე რჩევებისათვის ოფიციალურად მიმართა დიველოპმენტალისტი ეკონომისტების ჯგუფს, რომლის ერთ-ერთი წევრიცაა აღიარებული ექსპერტი ჰა -ჯუუნ-ჩანგი. მისი მრავლისმეტყველი ფრაზაა: „თუ ჩვენ დავბრმავდებით თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიით, ჩვენ უგულებელვყოფთ საჯარო ლიდერშიპისა და საჯარო-კერძო (public-private) ძალისხმევის უდიდეს შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისათვის“.

ვნახოთ, როგორ შედეგს გამოიღებს ჩვენი მთავრობისა და უმაღლესი კლასის პროფესიონალ-ეკონომისტთა თანამშრომლობა.

ჩვენ კი, სოციალ-დემოკრატები გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოს განვითარებისათვის ზემოთაღნიშნული პრინციპებისა და ხედვების საფუძველზე.

მიხეილ ადეიშვილი

პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა