პარლამენტმა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდება. პარლამენტმა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით (84 მომხრე) დაუჭირა მხარი.

პროექტის თანახმად, არსებულ კანონს ეცვლება სახელწოდება და მას „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი დაერქმევა. ასევე მოქმედ კანონს ემატება 26 პრიმა და 26 სეკუნდა მუხლები, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო, მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით, განახორციელებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უფლებებისა და მომსახურების ხარისხის შეფასებას.

კანონპროექტის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შევა და მასში არსებულ მდგომარეობას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შეამოწმებს.

მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, ამ დაწესებულებათა მონიტორინგის/შეფასების წესი და პირობები დგინდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით.

მონიტორინგის ჯგუფი ყოველწლიურ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.

კანონპროექტით წესრიგდება ის მუხლიც, რომელიც პაციენტის მიმართ შეზღუდვის გამოყენებას შეეხება. პროექტში ხაზგასმულია, რომ პაციენტის მიმართ შემზღუდავი მეთოდების გამოყენება წარმოადგენს უკიდურეს გამონაკლის ზომას, როდესაც არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან გარშემომყოფთა დაზიანების გარდაუვალი საფრთხე და მისი თავიდან აცილება სიტყვიერი დამშვიდებით ან მედიკამენტური მკურნალობით შეუძლებელია.

პროექტის თანახმად, შეზღუდვის მეთოდებია: ა) მანუალური შეზღუდვა (შებოჭვა) - პაციენტის შეზღუდვა მანუალური კონტროლის საშუალებით; ბ) მექანიკური შეზღუდვა - პაციენტის იმობილიზაციისთვის შეზღუდვის ინსტრუმენტების გამოყენება; გ) იზოლირება - პაციენტის იძულებითი მოთავსება განმარტოვებით სპეციალიზებულ ოთახში.

კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვის მეთოდის შერჩევისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმს. ამ პროცესში მხედველობაში მიიღება პაციენტის აზრი, წინასწარ გამოხატოს უპირატესობა რომელიმე მეთოდის მიმართ და გაზიარებულ იქნას წინა გამოცდილება. შეზღუდვის მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით და შეზღუდვის ყველა მეთოდების გამოყენება წყდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფრთხის ამოწურვისთანავე. შეზღუდვის გამოყენების თაობაზე რეგულარულად უნდა ეცნობოს დაწესებულების ხელმძღვანელს. შეზღუდვის გამოყენების პარალელურად პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მეთვალყურეობა და მხარდაჭერა. აკრძალულია პაციენტის დასჯის ან დაშინების მიზნით შეზღუდვის ნებისმიერი მეთოდის გამოყენება. პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ნათესავს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს შეზღუდვის მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობა.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად განისაზღვრება სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჩამონათვალი. კერძოდ, სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებია: ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური; ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი; ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახური; სათემო ფსიქიატრიული რეაბილიტაციური დღის ცენტრი; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა